კვირის დასაწყისში Apple-მა მოულოდნელი ღონისძიება “Scary Fast” დააანონსა, რომელიც ორშაბათს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური გიგანტი თავის პრეზენტაციებს საღამოს საათებში არასდროს ატარებს, რის გამოც ორშაბათის ღონისძიებას განსაკუთრებული მოლოდინებით ველით.
როგორც ღონისძიების ბანერიდან ჩანს, პრეზენტაციის მთავარი თემა ახალი MacBook-ი იქნება, რომლებსაც, სავარაუდოდ, M3 ჩიპი ექნებათ.
Apple-ის ენთუზიასტები ფიქრობენ, რომ კომპანია ახალ 14- და 16-ინჩიან MacBook Pro-ებს წარადგენს, მიუხედავად იმისა, რომ M2 ჩიპიანი პერსონალური კომპიუტერები Apple-მა 2023 წლის იანვარში უკვე განახლებული სახით წარმოადგინა - ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა კომპანიამ ერთი მოდელი წლის განმავლობაში ორჯერ განაახლა.
MacBook Pro-ების ახალ მოდელებში, სავარაუდოდ, ახალი თაობის M3 ჩიპები იქნება ინტეგრირებული, რომლებიც M2 ჩიპების დებიუტიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში შეიქმნა.
M2 ჩიპიდან M3-ზე გადასვლა ლეპტოპის მუშაობის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, განსაკუთრებით ახალი GPU-ს ინტეგრირებით, რაც MacBook-ს ვიდეოთამაშებისთვისაც გამოსადეგს ხდის. გარდა ამისა, ახალი ჩიპი და miniLED ეკრანი ლეპტოპის ბატარეის ხანგრძლივობასაც მნიშვნელოვნად გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ Apple-ს iMac-ები 2021 წლის შემდეგ არ განუახლებია და ისინი კვლავ M1 ჩიპზე მუშაობენ. სავარაუდოდ, ორშაბათის ღონისძიებაზე ახალი, 24-ინჩიანი პერსონალური კომპიუტერების პრეზენტაციაც შედგება. მიუხედავად ტექნიკური გაუმჯობესებისა, iMac-ის ვიზუალური ცვლილება ნავარაუდები არ არის.
დაბოლოს, კომპიუტერული ტექნიკა ერთადერთი არ იქნება, რასაც Apple 30 ოქტომბრის ღონისძიებაზე განახლებული სახით წარადგენს. უკვე ვიცით, რომ, ახალი რეგულაციების თანახმად, კომპანიამ iPhone-ების დამტენი პორტები USB-C ტიპით ჩაანაცვლა. იგივე ბედი ელით Apple-ის წვრილ ტექნიკასა და აქსესუარებს: მაუსებს, კლავიატურებსა და პადებს.