გაყინული რუსული აქტივების ბედ-იღბალი ჯერაც გაურკვეველია, რადგან ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ახალ გეგმაზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც აქტივების არა კონფისკაციას, არამედ იძულების მექანიზმად გამოყენებას მოიცავს. როგორც ჩანს, ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, რომ გაყინული აქტივები მშვიდობის იძულების მიზნით უნდა გამოიყენონ და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებისაკენ უბიძგონ.
უფრო კონკრეტულად, საუბარია შემდეგ ინიციატივაზე: თუკი რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, მაშინ მისი აქტივები განუსაზღვრელი ვადით გაიყინება ევროკავშირის იურისდიქციაში, სადაც მას უკრაინის დასაფინანსებლად გამოიყენებენ.
უკრაინისთვის დახმარების გაწევის ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან სლოვაკეთი და უნგრეთი, რომლის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა.
ცოტა ხნის წინ, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ „ევროკავშირში კანონის უზენაესობა დასრულდა და ევროპის ლიდერები თავს კანონზე მაღლა აყენებენ“. მან დაამატა, რომ ევროკომისია „სისტემატურად აუპატიურებს ევროპულ კანონმდებლობას“ იმისთვის, რომ „გააგრძელოს ომი უკრაინაში – ომი, რომლის მოგებაც აშკარად შეუძლებელია“.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ კი, წერილში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას მიმართა, სადაც ის გააფრთხილა, რომ უარს იტყოდა ნებისმიერი ნაბიჯის მხარდაჭერაზე, რომელიც მოიცავდა უკრაინის სამხედრო ხარჯების დაფარვას მომდევნო წლების განმავლობაში.
ამ მოცემულობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული აქტივების ჩამორთმევის ინიციატივას ვეტოს დაადებენ და ამ პროცესს შედეგი არ მოჰყვება.




























