მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უპირებს მთავრობა საპარტნიორო ფონდს - ნათია თურნავას პასუხი

5f81b778f1a77
თელარა გელანტია
10.10.20 20:40
1190
უკვე მეორე წელი სრულდება, რაც მთავრობა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე ფონდს ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა შეზღუდული აქვს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ იმედი გამოთქვა, რომ რეფორმირების პროცესი, რომელშიც IMF-იც არის ჩართული, 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. როგორც ირკვევა, ერთ-ერთ საკვანძო საკითხს საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროზე შეჯერება წარმოადგენს. არაა გამორიცხული, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.

“Forbes კვირაში” სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე საუბრისას გადაცემის წამყვანმა გიორგი ისაკაძემ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს კითხვა საპარტნიორო ფონდის მომავალზეც დაუსვა - კერძოდ, უნდა ველოდოთ თუ არა მთავრობისგან ამ საკითხზე გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას.

ნათია თურნავა ირწმუნება, რომ covid-19-მა ბევრი რეფორმა და გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა, მაგრამ ფონდის მისიაზე მხოლოდ, ზოგადად, ისაუბრა.

„ახლა უნდა ვიყოთ ფოკუსირებული ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე და ამ მხრივ, ბევრი რეფორმა დაჩქარდება. ეს შეეხება საპარტნიორო ფონდსც. იგეგმება მისი კორპორატიზაციის პროცესიც, რადგან საპარტნიორო ფონდი ესაა სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც იმ შემთხვევაში, თუკი მისი ფინანსური მდგრადობა იქნება უზრუნველყოფილი, შესაძლოა, გახდეს ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშე, რადგან ფონდის მონაწილეობით არაერთი პროგრამა თუ პროექტი განხორციელდა. გარემოებები იცვლება, ყველაფერი იცვლება და დადგა დრო, რომ ამ მექანიზმის რეფორმირებაც მოხდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის: 2018 წელს არსებული 585-მილიონიანი ზარალის შემდგომ, სს “საპარტნიორო ფონდმა” 2019 წელი 71 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, მოგება ფონდის საკუთარებაში არსებული მსხვილი სახელმწიფო კომპანიების ჯამური შემოსავლების ზრდამ განაპირობა.