მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ვაძლევთ და რა ვალდებულებას ვიღებთ - ფინანსისტის 9 კითხვა EMAAR-ის $6-მილიარდიან ინვესტიციაზე

ნიკა შურღაია

„ვერ ვიჯერებ, რომ არაბულ მხარეს სურს, საქართველოში $6 მილიარდის ჩადება, თუ აქ რაღაც ძალიან განსაკუთრებულ პირობებს არ მიიღებს“ - ეს განცხადება ფინანსისტმა ნიკოლოზ შურღაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ $6-მილიარდიან ინვესტიციაზე საუბრისას გააკეთა, რომელსაც მთავრობა EMAAR ჯგუფისგან ელის.

ნიკოლოზ შურღაიას არ უკვირს, რომ გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გამო, საქართველო შესაძლებელია EMAAR ჯგუფისთვის საინვესტიციოდ მიმზიდველი იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, მიაჩნია, რომ შეუძლებელია ინვესტორი ყურადღებას არ აქცევდეს ქვეყანაში შექმნილ „არასახარბიელო საოპერაციო გარემოს“, როცა $6 მილიარდის ინვესტიციის ჩადებას განიხილავს.

რა ვიცით საქართველოში EMAAR-ის $6 მილიარდიან საინვესტიციო გეგმაზე?

„მინდა, დეტალურად გავიგო, რა უფლებებს ვაძლევთ ინვესტორს და რა პასუხისმგებლობებს იღებს საქართველო“, - ამბობს ფინანსისტი და იქვე დასძენს, რომ როდესაც ასეთ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზეა საუბარია, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალი გამჭვირვალე იყოს.

ნიკოლოზ შურღაია მოუწოდებს მთავრობას, საჯარო გახდეს როგორც EMAAR ჯგუფთან გაფორმებული მემორანდუმი, ისე კონტრაქტის პირობები, რომელიც წესით, ინვესტორთან უნდა დაიდოს.

„წერტილთან“ ინტერვიუში ფინანსისტმა გაიხსენა საქართველოს მთავრობას და კომპანია ENKA-ს შორის საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა, რომელიც სახელმწიფოს წაგებით დასრულდა და გადასახადების გადამხდელებს, საქართველოს მოქალაქეებს 386 მლნ დოლარის გადახდაა დაეკისრათ.

„შეიძლება, ვიღაცას შეთქმულების თეორიად მოეჩვენოს, მაგრამ არ მინდა, მორიგი ENKA მივიღოთ... პრობლემები შეიქმნას, საარბიტრაჟო დავა წავაგოთ და ისევ ჩვენ დავზარალდეთ. ვისურვებდი, საქართველოს მთავრობა ასევე ღიად საუბრობდეს, რატომ წააგო ქვეყანამ დავა ENKA-სთან, სად იქნა შეცდომა დაშვებული, თუ გავაანალიზეთ შემდეგ ეს შეცდომები, როგორც გაკვეთილი“, - ამბობს ნიკოლოზ შურღაია, დღევანდელ საქართველოში $6 მილიარდის ინვესტირების ეკონომიკურ მიზანშეწონილობას ვერ ხედავს.

„თუ საქართველოს მთავრობა EMAAR ჯგუფს ჰპირდება იმაზე უკეთეს პირობებს, ვიდრე ქართველ ან სხვა უცხოელ ინვესტორს, ეს პირობები ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რადგან ისე არ აღმოჩნდეს, რომ შემდეგ შედეგი ძვირად დაგვიჯდეს.

რა უშლის ხელს ხელისუფლებას, რომ [EMAAR-თან გაფორმებული] მემორანდუმი გახდეს საჯარო. რა უშლის ხელს ხელისუფლებას მოგვიყვეს რა ისწავლეს ENKA-ს საქმისგან?! როგორ და რატომ წავაგეთ 386 მლნ დოლარი?! როდის არის გადასახდელი?! ამ თემებზე რომ არ საუბრობენ, გვიჩნდება ეჭვი, სხვა საკითხები ხომ არ არის ამ პროექტშიც დამალული?! როცა [ხელისუფლებისადმი] ნდობა ასე ირყევა, ვფიქრობ ამ ადამიანებს რა ამოძრავებს?! - რამე კერძო ინტერესი ხომ არა?! მიჩნდება ასეთი აზრები... ასევე, მიჩნდება აზრი, ხომ არ არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ ოღონდ წარსული პრობლემები გადაფარონ, ოღონდ კარგად გამოჩნდნენ და მზად არიან, რაღაც ისეთს მოაწერონ ხელი, რომელიც ხვალ კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენებს ანუ შეიძლება, ვერ განხორციელდეს პროექტი, რადგან პირობები, რომლის შესახებაც შესაძლოა მერე გავიგოთ, მიუღებელია მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.

ფინანსისტის კითხვების სია, რომელიც EMAAR-ის შესაძლო $6-მილიარდიან ინვესტიციას უკავშირდება, საკმაოდ ვრცელი და დეტალურია.

  1. რა უფლებებს ვაძლევთ არაბებს თბილისთან და ბათუმთან პროექტებისთვის გაცხადებულ მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის სხვა იურისდიქციის გავრცელების ან საქართველოს იურისდიქციის რამენაირად შეზღუდვის უფლება განიხილება?
  2. ⁠რა ბუნებათსარგებლობის და გარემოზე ზემოქმედების შესწავლა არის გაკეთებული ან იგეგმება?
  3. რა პასუხისმგებლობას იღებს საქართველო, თუ ამ პროექტების განხორციელება გადავიფიქრეთ?
  4. ⁠ვინ იქნება იქ აშენებული ბინების მყიდველები და რამდენი ადამიანის ჩამოსახლებაა ნავარუდები ამ პროექტების შედეგად?
  5. რამდენი კვ.მ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი აშენდება?
  6. ⁠როდის არის პროექტის დაწყება და დასრულება ნავარაუდები და რა ფაზებით განხორციელდება?
  7. რა პირობებით და ვადით გაიცემა ეს მიწები (იჯარა, გაყიდვა, უფასოდ)?
  8. რას და როდის მიიღებს საქართველოს ბიუჯეტი ამ მიწების გაყიდვით ან იჯარით გაცემით?
  9. ⁠როდის და სად გამოქვეყნდება ამ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომ საზოგადოებამ შევძლოთ მისი ზემოქმედების შეფასება: ჩვენს ფინანსებზე, ახლომდებარე და სხვა მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე, გარემოზე, პოტენციურ მყიდველებზე, უცხოელთა იმიგრაციაზე და სხვა.

"წერტილთან" ინტერვიუში ფინანსისტმა როგორც წინა, ისე "ოცნების" ხელისუფლების დროს დაანონსებული არაერთი პროექტი გაიხსენა, რომელთა ნაწილი მემორანდუმის ეტაპს ვერ გასცდა და ინვესტიციად ვერ იქცა. მაგალითად, "ტრამპ თაუერის" პროექტი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში; "ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა", "წყალტუბოს სანატორიუმების ახალი სიცოცხლე", ანაკლიის პორტის პროექტი და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები