2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ $4 მილიარდს გადააჭარბა, რაც $362 მილიონით, ანუ 9.8%-ით მეტია, ვიდრე შარშან. თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი 2023 წლის განმავლობაში ბრუნვამ $4.5 მილიარდი შეადგინა, წელს, შესაძლოა, ევროკავშირთან ვაჭრობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდეს. მიმდინარე წლის ათ თვეში, ევროკავშირთან ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრადაა გადახრილი იმპორტისკენ, რომელზედაც ბრუნვის 88% მოდის. იანვარ-ოქტომბერში, იმპორტმა $3.6 მილიარდი შეადგინა, როცა ექსპორტი სულ რაღაც $456 მილიონის ტოლი იყო.
რას ვყიდულობთ ევროკავშირში?
ევროკავშირიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით მსუბუქი ავტომობილები შემოდის — ამ პროდუქტის იმპორტის ღირებულებამ წელს $628.5 მილიონი დოლარი შეადგინა. ევროკავშირიდან იმპორტის სტატისტიკაში მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, რაზედაც ქვეყანამ $360.4 მილიონი დახარჯა. მესამე ადგილზე დაფასოებულ მედიკამენტებს ვხვდებით, რომელთა ექსპორტი საქართველოს იანვარ-ოქტომბერში $245 მილიონი დაუჯდა. ევროკავშირიდან შემოტანილი პროდუქტების ხუთეულში ასევე ვხვდებით $87.5 მილიონის სატვირთო ავტომობილებს და $68.3 მილიონის მობილურ ტელეფონებს.
რას ვყიდით ევროკავშირში?
ევროკავშირთან მიმართებით, ექსპორტის კუთხით განსხვავებული მდგომარეობა შეინიშნება. ექსპორტი, მართალია, სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 12%-ის ტოლია, მაგრამ საქონლის კუთხით, ევროკავშირში უმეტესწილად ადგილობრივად წარმოებული ან მოპოვებული პროდუქცია გადის. ყველაზე დიდი ღირებულებით ევროკავშირში ქართული თხილი იყიდება, რამაც მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში $45.3 მილიონი შეადგინა. მეორე და მესამე ადგილებზე სპილენძის მადნებს და ძვირფას ლითონებს ვხვდებით, რომელთა ექსპორტმა შესაბამისად $42.5 მილიონი და $39.8 მილიონი შეადგინა. ხუთეულში ასევე ვხვდებით $30.5 მილიონის ღირებულების ნავთობს და ნავთობპროდუქტებს და ქართულ ღვინოს, რომლის ექსპორტმა წელს მეღვინეებს $26.8 მილიონის შემოსავალი მოუტანა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $19 მილიარდი შეადგინა, რაც თითქმის $1 მილიარდით, ანუ 5.5%-ით მეტია, ვიდრე შარშან და თან, წლის ამ პერიოდისთვის დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს, ანუ რეკორდს წარმოადგენს. შარშან, ბრუნვის ჯამურმა მაჩვენებელმა $21.7 მილიარდი შეადგინა და თუ იმპორტ-ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მიმდინარე წელი, სავარაუდოდ, ამ მხრივაც რეკორდული იქნება.
საგარეო ვაჭრობა, რომელიც იმპორტის და ექსპორტის მონაცემებით ფორმირდება, კვლავ მკვეთრად იმპორტისკენაა გადახრილი, რაც საქართველოს ეკონომიკის ბუნებით აიხსნება. მიმდინარე წლის ათ თვეში, ექსპორტმა თითქმის $5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტი კი $13.5 მილიონის ტოლი იყო. ექსპორტმა, შესაბამისად, წლიურად 7.4%-ით იმატა, როცა იმპორტი 4.8%-ითაა გაზრდილი. იმპორტის, ისევე, როგორც ექსპორტის ზრდა, უმეტესწილად მსუბუქ ავტომობილებს უკავშირდება.