მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ზომებს ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა კონსტიტუციის მიხედვით?

5e75ee0f1bdd7
შოთა ტყეშელაშვილი
21.03.20 14:46
2885
საქართველოს მთავრობამ დღეს პრეზიდენტს 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ მიმართა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეპიდემიების გავრცელება ერთ-ერთი წინაპირობაა იმისთვის, რათა სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. საგანგებო მდგომარეობის დროს, პრეზიდენტი ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს გამოსცემს.

საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფოს, კონსტიტუციით გათვალისწინებული რიგი თავისუფლებების შეზღუდვა შეუძლია. დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მთავრობა საზოგადოებრივ შეკრებებს აკრძალავს, "10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება" - განაცხადა გიორგი გახარიამ. სახელმწიფო სხვა ისეთი შემზღუდავი ზომების გატარებას, როგორიცაა კომენდანტის საათის დაწესება არ გეგმავს, ამასთანავე შეზღუდვები არ წესდება მედიის მიმართ. 

კონსტიტუციის მუხლი 71. საგანგებო და საომარი მდგომარეობა :

1. საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ძალაში შედის საომარი მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან. პარლამენტი გადაწყვეტილებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

2. მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან. პარლამენტი გადაწყვეტილებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს. პარლამენტი დეკრეტს ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

4. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში დეკრეტით შეზღუდოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში დეკრეტით შეაჩეროს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. საქართველოს პრეზიდენტი ამ პუნქტით გათვალისწინებულ დეკრეტს დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. დეკრეტი უფლების შეზღუდვის შესახებ ძალაში შედის გამოცემისთანავე, ხოლო ნორმის შეჩერების შესახებ − პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. დეკრეტი უფლების შეზღუდვის შესახებ მტკიცდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

5. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საყოველთაო არჩევნები არ ტარდება. ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი.

6. გადაწყვეტილება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება შესაბამისი მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისთვის დადგენილი წესით.

7. პარლამენტის გადაწყვეტილება ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

პრემიერ-მინისტრის განცხადება:

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, ჩვენ ვზღუდავთ მოქალაქეების მობილურობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში და ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხანდაზულების ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, თუ ასეთი აუცილებლობა დადგა, ჩვენ შემდგომი გამკაცრების საშუალებაც გვაქვს და სატრანსპორტო საშუალების შეზღუდვიდან დაწყებული, უფრო მკაცრი ზომების მიღებაც შეგვიძლია, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ მთავარია ბალანსი, ვიზრუნოთ მაქსიმალური შეზღუდვებით მოქალაქეების ჯამრთელობაზე ისე, რომ სრულად არ გავაჩეროთ ეკონომიკა. ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდება. არანაირი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეიზღუდება, ამის საჭიროება არ დგას. ამ დადგენილებით მთავრობა მოითხოვს საგანგებო ბიუჯეტის შექმნის მოთხოვნასაც.

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნაა, დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საგანგებო მდგომარეობას პარლამენტი სავარაუდოდ, 18:00 საათზე დაამტკიცებს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.