“დროში გაჭიანურება პროექტს ეფექტს აკარგვინებს” - გახარიას დაანონსებული პროექტის განხორციელებას 5 წლის შემდეგ კობახიძე აანონსებს - საუბარია საკონტრეილერო გადაზიდვებზე - „სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვების წილის გასაზრდელად, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის ცვეთისა და გადატვირთვის შესამცირებლად, გაგრძელდება მუშაობა საკონტრეილერო გადაზიდვების განვითარების კუთხით. ამ მხრივ, 2024 წელს იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანში საკონტრეილერო გადაზიდვების განვითარების შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.
“სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ სამთავრობო პროგრამებში ერთი და იგივე პროექტების გამეორება იმ შემთხვევაში თუ საერთო პოლიტიკის ნაწილში ბმას გვაძლევს ცუდი არაა, თუმცა როცა პროექტი წლების წინ ანონსდება და არაერთ პრემიერს იცვლის, ამას ნეგატიური გავლენა აქვს. მისი განმარტებით, საკონტრეილერო გადაზიდვების გააქტიურება ქვეყანაში გადაზიდვების დროს შეამცირებს და პროცესებს გაამარტივებს. შესაბამისად, მისი თქმით, ამ კუთხით ნაბიჯებია გადასადგამი.
“პრემიერ გახარიას მიერ იყო ეს დაანონსებული 2019 წელს. ამის შემდეგ სამჯერ იყო კიდევ დაანონსებული. მათ შორის ხაზს გავუსვამ რკინიგზის ხელმძღვანელის ანონსსაც, რომელიც ამბობდა, რომ პროექტი რკინიგზაში ფორსირებულად განიხილებოდა. ბუნებრივია ამ მიმართულებით სამუშაოები არც დაწყებულა და არც მოწყობილა. პროცესის დროში გაჭიანურება ეფექტს აკარგვინებს პროექტს. თუ საუბარია საკონტრეილერო გადაზიდვებზე, მე ევროპულ ნაწილში შევადარებ, რომ დღეს დიაგონალურ გადაზიდვებზე ბალტიისპირეთიდან უკრაინის, პოლონეთის და თურქეთის მიმართულებით ზუსტად რეგულარული საკონტრეილერო მატარებლები მოძრაობენ, 2000-3000 კილომეტრს გადიან და ტვირთის ადგილზე ჩატანის დრო მნიშვნელოვნად შემცირებულია.
ეს საქართველოსთვის აუცილებელია, წარმოიდგინეთ ფოთის ან ბათუმის ნავსადგურში თქვენ დადოთ მატარებელზე ავტომობილი, მით უმეტეს ზამთრის პერიოდში, როდესაც 3-4 დღე იკეტება უღელტეხილი, 1 დღეში მატარებელი აღმოჩნდება აზერბაიჯანში. საბაჟო პროცედურებიც გამარტივებულია, საავტომობილო ტრანსპორტისათვის დამახასიათებელი ხარჯები, ერთჯერადი ნებართვა, ჩახსნილია. ასევე რაც მთავარია 4-ლარიან საწვავს აღარ ჩაასხამს მძღოლი”, - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
ცნობისთვის, ახალი ტიპის მულტიმოდალური გადაზიდვების დანერგვის იდეა წლებია არსებობს, პროექტი 2019 წელს ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას სამთავრობო გეგმის პრიორიტეტებში იყო. საკონტრეილერო გადაზიდვა გულისხმობს სატვირთო ავტომობილების და მისაბმელების ტრანსპორტირებას სპეციალიზირებული სარკინიგზო პლატფორმების გამოყენებით. ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში წლების წინ დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი გვხვდება. 2024 წელს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განახლებაც გეგმაშიც.