რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა RBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ აფასებს ოფიციალური მოსკოვი საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში აგენტების შესახებ მიღებულ კანონს, ასევე პარლამენტში განსახილველ LGBTQ კანონს და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას.
რუსეთის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედ კანონს „აგენტების“ კანონი არ ჰქვია და ის ბევრად რბილია, ვიდრე საფრანგეთისა და პოლონეთში მოქმედი კანონმდებლობა.
„კანონს, რომელიც საქართველომ მიიღო, არ ეწოდება უცხოელი აგენტების კანონი, მას ეწოდება უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სადაც იმ სუბიექტებს, რომლებიც ამ კანონს დაარღვევენ, არანაირ სტატუსს არ ანიჭებენ, არამედ მათ სთხოვენ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას, რაც თავის მხრივ, უფრო მკაცრად მოქმედებს საფრანგეთში, პოლონეთში და სხვა სახელმწიფოებში...“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსი დიპლომატი საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში კანონმდებლობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს იწონებს და ამბობს, რომ ამგვარად ქართველები დასავლეთის მხრიდან თავსმოხვეულ ლიბერალურ ღირებულებებს უარყოფენ.
„რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს მათ მიერ საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგებაა, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც იმ ე.წ. წესებით წაიშლება, წაილეკება და გაითელება, რომელსაც დასავლეთი ყველას ლიბერალური დემოკრატიის ან, თუ გნებავთ, დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში უწესებს. ქართველებს ეს არ აწყობთ. ისევე, როგორც არ აწყობთ თავსმოხვეული ლგბტ დღის წესრიგი“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.