მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რაში დაგჭირდათ საკვებად ქათმის ნაკელის გამოყენება?" - კომისიაზე "ყვარლის ბაგას" კითხვა "რძის სკანდალზეც" დაუსვეს

ყვარლის ბაგა

"ფასების საპარლამენტო კომისიის" სხდომაზე დღეს რძის და კვერცხის მწარმოებლების მოსმენა გაიმართა. სხდომაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა შალვა კერესელიძემ ყვარლის ბაგას წარმომადგენელს, ნათია გარგულიას ჰკითხა თუ იყენებდა კომპანია საწარმოო პროცესში საკვების სახით ქათმის ნაკელს, რაზეც ნათია გარგულიამ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ 2019 წელს მოხდა, რის შემდეგაც კომპანიამ აღნიშნული პროდუქტი კვებიდან ამოიღო.

რაში დაგჭირდათ საკვებად ქათმის ნაკელის გამოყენება და იყენებთ თუ არა კიდევ?- იკითხა "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა შალვა კერესელიძემ.

"რაში დაგჭირდებათ საკვებად ქათმის ნაკელის გამოყენება და ახლაც იყენებთ თუ შეწყვიტეთ ამის გამოყენება? იაფი ღირებულების საკვებს ყიდულობს და აწვდის, ამ შემთხვევაში, რაც მე ვახსენე, ქათმის ნაკელი, რაზეც ძალიან დიდი დავა გვქონდა თქვენს კომპანიასთან და ამას კიდევ უფრო მინიმუმის მინიმუმზე დაჰყავს პროდუქციის ფასი და აქედან გამომდინარე გკითხეთ მე თქვენ, თორემ ის კი არა, რომ მაგის გარჩევას ვაპირებ ახლა" - ჰკითხა კერესელიძემ.

კომპანიაში განმარტავენ, რომ საკითხი, რომლის შესახებაც საუბარია, ეხება მხოლოდ 2019 წელს არსებულ პერიოდს და აღნიშნული პრაქტიკა იმავე წელსვე შეწყდა.

"ეს ეხებოდა 2019 წლის პერიოდს, რომელიც იყო მხოლოდ 2019 წელს და იქ დასრულდა და აღარ გაგრძელებულა. ვრცელი გადაცემებიც იყო და ბატონმა ლაშა პაპაშვილმა დეტალურად ისაუბრა თუ რატომ იყენებდნენ და რატომ შეწყვიტეს გამოყენება. ის მენეჯერი აღარ გვყავს და შესაბამისად პოლიტიკაც შეცვლილი არის. ახლა გვყავს ევროპელი კონსულტანტები, რომელთა კონსულტაციებსაც მივყვებით და 2019 წლიდან საკვებში აღარ ვიყენებთ.

სამი შვილი მყავს და სამივეს ჩვენი პროდუქტებს ვაძლევ. ჩვენი რძე მიდის მიმღებ კომპანიებში სადაც გადის ლაბორატორიულ კონტროლს, იქ რომ რამე ხარვეზი იყოს, ლიტრსაც ვერ გავყიდით,"- პასუხობს ნათია გარგულია.

საქმე ეხება, „ყვარლის ბაგას“ მიერ „ჩირინას“ წინააღმდეგ წამოწყებულ სამართლებრივ დავას, საიდანაც ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ წარსულში კომპანია საკუთარი პირუტყვის გამოკვებისთვის ქათმის ნაკელს იყენებდა, რომელიც კომპანია "ჩირინასგან" იყო შეძენილი. "ყვარლის ბაგა" მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ "რძის სკანდალზე" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კომპანია "ჩირინას" 1.6 მლნ ლარის გადახდა დაავალა. "ჩირინას" დაცვის მხარის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით "ჩირინამ" "ყვარლის ბაგასთან" დადებული ხელშეკრულება დაარღვია, ხოლო "ყვარლის ბაგას" მიუღებელ შემოსავალში მათ წვლილი არ მიუძღვით. ეს გადაწყვეტილება „ჩირინამ“ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები