„საქართველოს რა ბედი ელის მე არ ვარ დარწმუნებული და სხვა როგორ დავარწმუნო?!“ - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი "საქმის კურსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ის დავოსის ეკონომიკურ ფორუმში არ მონაწილეობს ისაა, რომ ქვეყანაში შექმნილი გაურკვევლობის ფონზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე ხმამაღლა ვეღარ საუბრობს.
"მე მივიღე გადაწყვეტილება არ წავსულიყავი ამ წელს [დავოსში], რადგან რატომ უნდა ჩამოხვიდე საქართველოში, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველო, რატომ არის კარგი საინვესტიციოდ და ა.შ მე ამაზე სამწუხაროდ დღეს ხმამაღლა ვეღარ ვსაუბრობ, რადგან მე თვითონ არ ვიცი, რა ბედი გველის და რა იქნება შემდეგი თვეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. მე არ ვარ დარწმუნებული და სხვა როგორ დავარწმუნო ხომ? აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან მწყდება გული, ჩემი ვიზიტი მხოლოდ სურათების გადაღებით იქნებოდა შემოფარგლული, ამიტომ გადავწყვიტე არ მივიღო მონაწილეობა“-აცხადებს ბოჭორიშვილი.
მისი თქმით, „დავოსის ეკონომიკურ ფორუმში არმონაწილეობით ქვეყანა ძალიან ბევრს კარგავს“. ბოჭორიშვილი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ის, რომ ასეთ მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველო არ მიიწვიეს გარკვეული სიგნალია როგორც კერძო სექტორისთვის, ისე განვითარების საერთაშორისო ბანკებისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედოს. „როცა იქ არ ხარ, საერთოდ იკარგები ხედვის არეალიდან“- აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი.
დავოსში ყოველწლიური კონფერენცია 20 იანვარს გაიხსნა. იქ იმყოფება 350-ზე მეტი სამთავრობო ლიდერი სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის სამიტს ჩაერთვება ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. იქვეა 1600-ზე მეტი ბიზნესმენი, მათ შორის 900-ზე მეტი CEO ანუ კომპანიების პირველი პირები, მსოფლიოს წამყვანი გამომგონებლები და ინდუსტრიის ლიდერები. ჩვენ იქ არ ვართ წარმოდგენილი და ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო ოცწლეულში, როცა საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული არ არის. ის რომ „ოცნებას“ მოსაწვევი არ მოუღია დაადასტურა მთავრობის ადმინისტრაციამ, პირველი ვიცე-პრემიერი კი ამბობს, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმი საქართველოს დელეგაციისთვის წელს პრიორიტეტული არ იყო.




























