რუსეთის ტერიტორიაზე საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, ქართველი გადამზიდავი მძღოლების დეპორტირების შემთხვევები გახშირდა. გადამზიდავების ინფორმაციით, საქართველოდან რუსეთში ან რუსეთიდან საქართველოში მომავალ ქართულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს ადგილობრივი საპატრულო სამსახურები, ძირითადად ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, აჩერებენ და რუსეთის ტერიტორიაზე კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად 90 დღეზე მეტი ხნით დაყოვნების შემთხვევაში, საემიგრაციო სამსახურების თანდასწრებით, ქართველ მძღოლს ხუთწლიან დეპორტს უფორმებენ.
არსებული ინფორმაციით, დეპორტაცია უკვე შეეხო 100-ზე მეტ ქართველ მძღოლს. საკითხის გადაწყვეტის მიზნით ქართველმა გადამზიდავებმა უკვე მიმართეს საქართველოს საგარეო უწყებას. პრობლემა დღემდე დარეგულირებული არ არის ევრაზიის ეკონომიკურ ზონაში შემავალი ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სომხეთის შემთხვევაშიც.
როგორც ირკვევა საემიგრაციო პროცედურების გამკაცრება და დეპორტირების საფრთხის წარმოშობა შავი გადასახადის ახალი წყაროდაც იქცა, კერძოდ, თუ ქართველ მძღოლს საემიგრაციო ვადის დარღვევა დაუმტკიცეს, ამის შემდეგ ე. წ. პოლიციელი დეპორტირების სანაცვლოდ არც მეტი და არც ნაკლები ქართველი მძღოლებისგან 2500 დოლარის ეკვივალენტის რუბლს ითხოვს.
“ბოლო 10 დღეში, მნიშვნელოვნად გამწვავდა ქართველი მძღოლების შეჩერების და დეპორტირების პროცედურები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართველი მძღოლები დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან.
ფსიქოლოგიური ზეწოლა მდგომარეობს იმაში, რომ იმის მაგივრად, რომ რაღაც ოფიციალური სვლა-გეზი მიეცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ ღონისძიებას, ეს არის გამოყენებული დამატებითი შემოსავლის წყაროდ და მძღოლები, რომლებთანაც ჩვენ კონტაქტი გვაქვს, ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ ჩვეულებრივ პირობებში 100 რუბლი იყო გადასახდელი, დღეს ხუთჯერ და ათჯერ გაიზარდა ე.წ პოსტებზე გადასახადის მოცულობა. უფრო მეტიც, ვაიდა აღმოჩნდა ქართველი მძღოლი ვადაგადაცილებულთა სიაშია, უკვე იწყება წარმოუდგენელი გადასახადის, შავი გადასახადის მოთხოვნა მძღოლისაგან. ეს არის დაახლოებით 200,000 რუბლი, ეს დაახლოებით 2,500 დოლარია და შემდეგ იწყება ამაზე ვაჭრობა, ჩამოყვანა 80-დან 100,000 რუბლამდე, მაგრამ მერწმუნეთ, ქართველი მძღოლისთვის ესეც ძალიან დიდი თანხაა.
ყველას ხელზე არ გააჩნია თანხა, დეპორტირების პრინციპია, რომ ე.წ „კაპეზეში“ ათავსებენ, ორი დღის განმავლობაში ხდება ფსიქოლოგიური ზემოქმედება, შემდეგ ამ მძღოლს აცილებენ პოლიციის მანქანით ზემო ლარსის საზღვარზე, მაგრამ მეორე უკიდურესობა ის არის, რომ ის დატვირთული მანქანა რჩება რუსეთის ტერიტორიაზე და მძღოლს უკვე დამატებითი საზრუნავი უხდება, რომ იპოვოს ვიღაც გარეშე მძღოლი, დაიქირაოს, გადაუხადოს თანხა, რომ ჩაიყვანოს ის სატვირთო ავტომობილი ადგილზე, შემდეგ უკან დაბრუნდეს და ეს დამატებითი ფინანსური ხარჯებია.
გარდა ამისა, ამას კიდევ მოსდევს რიგი პრობლემები, რომ როდესაც საემიგრაციო სამსახური მოდის და იწყებს უკვე დეპორტირების პროცესის განხორციელებას, მძღოლს უსვამს კითხვას, რომ „რატომ თქვენ ვერ მოილაპარაკეთ პოლიციასთან ამ საკითხზე? ანუ თითქოს შეთანხმებული, შეწყვილებული მუშაობა აქვთ და ეს კიდევ ჩვენში ბადებს იმ მოსაზრებას, რომ გარკვეულწილად, რუსეთის ფედერაციაში აი ეს გართულების სიტუაცია გამოყენებული არის დამატებითი შავი გადასახადების მოსაკრეფად”,-აცხადებს BM.GE-სთან სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი.
რუსეთიდან ქართველი მძღოლების დეპორტაციის საკითხის გადაწყვეტის მიზნით ქართველმა გადამზიდავებმა დაახლოებით 10 დღის წინ უკვე მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იმედოვნებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით საკითხის გადაწყვეტის გარკვეული კომპრომისული ვარიანტი გამოიძებნება.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიემართა ამ საკითხთან დაკავშირებით. მართალი გითხრათ, ეძებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გზებს, კონკრეტულად რა გზებს, ეს ჩვენთვის უცნობია, მაგრამ არსებობს დაპირება, რომ დაახლოებით ერთი კვირის ბოლოს რაღაც გარკვეული მონახაზი ექნება საკითხის გადაწყვეტის. ეს პრობლემა, დაახლოებით 4000-დან 5000 მძღოლს ეხება, რომლებიც კონკრეტულად რუსეთის მიმართულებით ახორციელებენ გადაზიდვას.”,-აცხადებს ცაგარეიშვილი.




























