მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ამცირებს Aston Martin-ი სამუშაო ძალის 20%-ს?

Aston Martin

ბრიტანული ლუქს-კლასის ავტომობილების მწარმოებელი Aston Martin-ი სამუშაო ადგილების 20%-ით შემცირებას გეგმავს, რითაც ყოველწლიურად £40 მილიონი ფუნტი სტერლინგის ($54 მილიონი დოლარის) საოპერაციო ხარჯის დაზოგვას აპირებს. ინდუსტრიული რესტრუქტურიზაცია პირდაპირ უკავშირდება შეერთებული შტატების საიმპორტო ტარიფებსა და ჩინეთის ბაზარზე მკვეთრად შემცირებულ მოთხოვნას, რამაც გაყიდვები მნიშვნელოვნად შეაფერხა. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული ოპტიმიზაციის ფარგლებში ავტომწარმოებელმა ელექტრომობილების ტექნოლოგიებში ინვესტირება შეაჩერა და ხუთწლიანი კაპიტალური დანახარჯების გეგმა £2 მილიარდიდან £1.7 მილიარდ ფუნტამდე შეამცირა.

ამერიკული სატარიფო პოლიტიკა და გლობალურ ბაზრებზე შემცირებული გაყიდვები ბრიტანულ ბრენდს მძიმე ტვირთად დააწვა. მხოლოდ 2025 წელს Aston Martin-მა £259.2-მილიონიანი საოპერაციო ზარალი განიცადა, ვალის მოცულობა კი £1.38 მილიარდამდე გაიზარდა. ფინანსური კრიზისის დასაძლევად კომპანიამ ფორმულა 1-ის ბრენდინგის უფლებები £50 მილიონ ფუნტად უკვე გაყიდა. რთული ვითარებიდან გამოსვლაში ბრიტანულ ავტომწარმოებელს ისიც დაეხმარება, რომ უკვე მიღებული აქვს 500 ჰიბრიდული სუპერქარის, Valhalla-ს შეკვეთა, რომელთაც მეპატრონეებს წლის ბოლომდე დაუმზადებს. აღსანიშნავია, რომ ამ რადიკალურმა ზომებმა დადებითი გავლენა იქონია ინვესტორების მხრიდან მისდამი განწყობაზე. კერძოდ, საფონდო ბირჟაზე Aston Martin-ის აქციების ფასი თითქმის 5% გაიზარდა და 9-დღიანი კლების ტენდენცია შეჩერდა.

ცნობისთვის, პრეზიდენტ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისა და პროტექციონისტული ეკონომიკური კურსის გატარების შემდეგ სერიოზული გამოწვევების წინაშე, არაერთი ევროპული და ბრიტანული მწარმოებელი აღმოჩნდა. ტრადიციულმა ინდუსტრიებმა საგრძნობი ფინანსური დარტყმები განიცადეს. ანალიტიკოსების მოელიან, რომ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად კორპორაციებს საწარმოო ხარჯების კიდევ უფრო აგრესიული შემცირება მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები