2021 წლის პირველ 7 თვეში ქართული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულად გაიზარდა. მთლიანობაში 15 კომერციულმა ბანკმა 1.24 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა, რაც არამხოლოდ 2020 წელთან, არამედ 2019 წელთან შედარებითაც მეტია. გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რაც წელს საბანკო სექტორის მაღალ მომგებიანობას განაპირობებს.
გვენეტაძის განმარტებით, ბანკებში არსებული ფინანსური მდგომარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია 2020 წელს გაკეთებული დარეზერვება, რადგანაც ბანკებმა სებ-ის დავალებით პანდემიის დაწყებისთანავე შექმნეს სესხების მოსალოდნელი დანაკარგების 1.1-მილიარდიანი რეზერვი.
"2021 წლის პირველ შვიდ თვეში საბანკო სექტორმა 1.2 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა. შევხედოთ 2020 წლის იგივე პერიოდს, მაშინ მინუს 413 მილიონი იყო. ჩვენ შარშან ბანკებს წინასწარ შევაფასებინეთ ეკონომიკური ეფექტი, რაც პანდემიას ექნებოდა და მათ შექმნეს რეზერვები ამისთვის, ეს იყო 1.1 მილიარდი ლარის რეზერვები. ბანკებმა დაინახეს სინამდვილეში რა არის მათი ბალანსი. თუკი მომავალში რომელიმე მსესხებელი ვერ გადაიხდის, ჯობია, რომ წინასწარვე ვიცოდეთ ამის შესახებ. ახლა რასაც ვუყურებთ, ეს არის ის, რომ არის სესხები ამ დარეზერვებულებიდან, რომლებიც გაცოცხლდა. ის დანაკარგები, რომელიც უნდა ჰქონოდა სისტემას, ეს უკვე გაწეულია და ეს ხარჯები წელს უკვე არ არსებობს.
საბანკო სისტემა არის სტაბილური და ის აგრძელებს ეკონომიკის ლოკომოტივის როლის შესრულებას,"- აცხადებს კობა გვენეტაძე.
მთლიანობაში 2021 წლის 7 თვეში ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 3.39 მილიარდი ლარი მიიღეს; შედარებისთვის ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია. ჯამურად, სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლის მოცულობა 2.34 მილიარდი ლარია. უფრო კონკრეტულად ბანკების შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან 1.38 მილიარდი ლარი იყო, ეს თანხა წლიურად 19%-ით არის გაზრდილი. იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი კი წელს 23%-ით გაიზარდა და 931 მილიონი ლარი შეადგინა.
საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან ბანკებმა 259 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
რაც შეეხება მათ ხარჯებს – ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 745.4 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, ბანკებმა თავიანთი სესხების მომსახურებაზე (უცხოური და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მიმართ) 424 მილიონი ლარი დახარჯეს.
ქვეყანაში მოქმედმა ბანკებმა თავიანთ თანამშრომლებზე ხელფასების სახით 438 მილიონი ლარი გასცეს. ბანკების ადმინისტრაციის და აპარატის შენახვის ხარჯები წელს 13%-ით არის გაზრდილი.
მთლიანობაში საბანკო სისტემამ 1.38 მილიარდი ლარის მოგება დააგენერირა, რაზეც 139 მილიონის მოგების გადასახადი გადაიხადა. შედეგად, ბანკების მესაკუთრეებსა და აქციონერებს 1.24 მილიარდი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.




























