რატომ არ არის რუსეთი სუპერსახელმწიფო? - ეს ის კითხვაა, რომელსაც უამრავი ადამიანი ყოველდღიურად სვამს. ისიც, ვინც საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტის მიმართ სიმპათიით მაინც არის განწყობილი და ისიც, ვინც მიიჩნევს, რომ ზესახელმწიფოობა უფრო მეტია, ვიდრე ბირთვული იარაღის ქონა.
სუპერსახელმწიფოს სტატუსი მხოლოდ ტერიტორიებითა და რესურსების მარაგებით არ განისაზღვრება. რით განისაზღვრება რეალურად გლობალურ გიგანტად ყოფნა და რატომ ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს რუსეთი? - სწორედ ამ კითხვებზე მიიღებთ პასუხს ამ სტატიაში.
თანამედროვე სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ქვეყნის გლობალურ როლს განსაზღვრავს, ეკონომიკა და მისი მასშტაბია. ამ მხრივ კი რუსეთი რეალურ ზესახელმწიფოებთან შედარებით, მკვეთრად სუსტად გამოიყურება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი მონაცემებით, ნომინალური მშპ-ით მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა ამერიკის შეერთებული შტატებია დაახლოებით 32 ტრილიონი დოლარით. მეორე ადგილზე ჩინეთია 21 ტრილიონით და ის მკვეთრად აღემატება მესამე ადგილზე მყოფ გერმანიას, რომელსაც დაახლოებით 5-ტრილიონიანი მაჩვენებელი აქვს.
რაც შეეხება რუსეთს, ის იტალიის გვერდითაა თავისი $2.86 ტრილიონით, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს ეკონომიკა ამერიკისაზე 10-ჯერ სუსტია.
რუსეთს ჩამორჩენა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის კუთხითაც აქვს. თუ მსოფლიო ლიდერი ჩინეთია 44 ტრილიონი დოლარით, აშშ მეორე ადგილზეა 32 ტრილიონით, მესამეადგილოსანი კი ინდოეთია $19 ტრილიონით, რუსეთი მეოთხე ადგილზე $2.86 ტრილიონითაა წარმოდგენილი. ამ შედეგით მას მხოლოდ მცირედით თუ ჩამორჩებიან იაპონია და გერმანია.
გლობალურ წარმოებას რაც შეეხება, საწყის პოზიციებზე რუსეთი არც ამ მხრივ არის. პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 35%-ით, ანუ მთელს მსოფლიოში ნაწარმოები პროდუქციის მესამედზე მეტი ჩინეთზე მოდის. მეორე ადგილზეა აშშ 13%-ით, ხოლო რუსეთის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ის სიაში საფრანგეთისა და იტალიის გვერდით დგას - ქვეყნების, რომელთაც ზესახელმწიფოობაზე პრეტენზია არ აქვს.
როცა წარმოებაზე იწყება საუბარი, საზოგადოების ნაწილს ახსენდება ფოლადის წარმოების მასშტაბი, რაც გარკვეულწილად სიმართლეც არის, რადგან რუსეთი წლიურად 68 მილიონ ტონა ფოლადს ამუშავებს - ანუ ევროპაში ყველაზე მეტს და გერმანიაზე 2-ჯერ მეტს, მაგრამ ჩინეთი, შედარებისთვის, ყოველწლიურად თითქმის 1 მილიარდ ტონა ფოლადს აწარმოებს. გამოდის, რომ რუსეთზე მეათედიც კი არ მოდის იმის, რასაც ჩინეთი ქმნის.
ისტორიულად, რუსეთის უპირატესობა სამხედრო მიმართულება იყო და ამ მხრივ მაჩვენებლები არც 2026 წლის მოცემულობითაა რადიკალურად შეცვლილი. გლობალურ რეიტინგში ეს სახელმწიფო მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.
თუმცა მის სტატუსს, მათ შორის 1,300,000 აქტიურ სამხედრო პერსონალს ეჭვქვეშ აყენებს ფაქტი, რომ 5 წლის შემდეგაც კი ვერ სრულდება ომი, რომელიც რუსეთმა თავისზე 28-ჯერ პატარა, სამხედრო რეიტინგში 18 ადგილით უკან მყოფ, 10-ჯერ მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან დაიწყო.
აღსანიშნი ფაქტია ისიც, რომ თუ აშშ-მა და ისრაელმა მათთვის მტრული ქვეყნის ლიდერი ომის პირველივე დღეს გაანადგურეს, რუსეთმა ნომერ პირველი სამიზნის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაცია დღემდე ვერ შეძლო.
რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან სექტორებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ხოლმე სახელმწიფოს სტატუსს გლობალურ დონეზე, ამ მხრივ გამორჩეულად ჩამორჩენილია მოცემულობა ტექნოლოგიების კუთხით.
ქვეყანას არ გააჩნია სრულფასოვნად მოქმედი, სუვერენული AI მოდელი, არ არსებობს არცერთი სტარტაპი ან კომპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხრივ გლობალურად არის აღიარებული და კონკურენციას უწევს ამერიკულ თუ ჩინურ AI მოდელებს.
ზესახელმწიფოდ ყოფნისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური და მონეტარული თვალსაზრისით მძლავრი პოზიციების ქონაც. ამ მხრივ კი რუსეთს, შტატებთან შედარებით, მკვეთრად სუსტი პოზიციები აქვს. თუ ამერიკას უოლ-სტრიტი, დოლარის, როგორც თითქმის საუკუნოვანი სარეზერვო ვალუტის სტატუსი და ამერიკული სახაზინო ობლიგაციები აქვს და ეს ვაშინგტონს დიდი დეფიციტების მართვისა და გლობალური სანქციების დაწესების საშუალებას აძლევს, რუსეთს ყველა ამ მხრივ უსუსტესი პოზიცია უკავია. არც რუსული რუბლია წამყვანი გლობალურ მიმოცვლაში და არც მათი საფონდო ბირჟა MOEX-ია გავლენის მქონე ქვეყნის მიღმა.
























