მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ დაელოდა ცესკო შემაჯამებელი ოქმის შედგენისთვის ბოლო ვადას? - შარაბიძის პასუხი

ცესკო

"საარჩევნო ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, შეუძლია, შეადგინოს შემაჯამებელი ოქმი, თუკი ყველა პროცედურა ამოწურულია" - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ, ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

კითხვაზე, რატომ არ დაელოდა საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის წარდგენისთვის საარჩევნო კოდექსით დადგენილ ბოლო ვადას, 21 ნოემბერს, მაშინ, როცა ოპოზიციისგან ისმოდა მოწოდებები, რომ შედეგების ადრე წარდგენა მმართველი პარტიის სასარგებლო ქმედება იქნებოდა, შარაბიძე აცხადებს, რომ პროცედურულად ცესკოს ოქმის შედგენის უფლება უკვე ჰქონდა.

"მინდა შეგახსენოთ პროცედურა: საარჩევნო ადმინისტრაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე შემაჯამებელ ოქმს ადგენს მას შემდეგ, რაც ამოიწურება ყველა ინსტანციაში, ყველა შესაძლო საჩივრის განხილვის ვადა. გუშინ საბოლოო ინსტანციის სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.

ასევე მოგახსენებთ, რომ 21 ნოემბერი არ არის დათქმული და ბეჭედდასმული ბოლო ვადა, ეს არის უკიდურესი ვადა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, შეუძლია, თუკი ყველა პროცედურა ამოწურულია, შეადგინოს შემაჯამებელი ოქმი - მაშინ მეორე კითხვა შეიძლება არსებობდეს, რატომ უნდა გაწელოს ხელოვნურად საარჩევნო ადმინისტრაციამ შემაჯამებელი ოქმის შედგენა, როცა ყველა იურიდიული საფეხური გავლილი და დასრულებულია. ცხადია, შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება, იმიტომ რომ, ყველა ვადა და ინსტანცია ამოწურული იყო გუშინ", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი წარადგინეს. ცესკოს საბოლოო შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მანდატები ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა. ყველაზე მეტი მანდატი კი მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები