მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ დაესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები „ევროპის დღის“ ღონისძიებას? - კობახიძის პასუხი

კობახიძე

„ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ექსპო ჯორჯიაში“ დღეს გამართულ „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე ხელისუფლების წარმომადგენლები „პროტოკოლის დარღვევის“ გამო არ დაესწრებიან. ამის შესახებ მან ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„პროტოკოლის სტანდარტები დარღვეულია. როდესაც კონკრეტული საელჩო ღონისძიებას გეგმავს, მათ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე უნდა გამოგზავნონ, რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს, შესაბამისად ჩვენ იქ არ ვიქნებით, ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოური მიდგომებით მიიღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 9 მაისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 12:00 საათიდან, დაიწყება და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გახსნის.

დღის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან შეხვედრა და სხვადასხვა ქვეყნების კულტურის გაცნობა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, "ექსპო ჯორჯიაში" მისულ ადამიანებს, ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და გაიგონ, როგორ უწყობს ხელს ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყნის განვითარებას.

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა.

სწორედ 75 წლის წინ წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. რეალობად ქცეული
იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყნის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები