მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ დაიწყო ხელისუფლებამ "რუსული კანონის" აღსრულება? - "ოცნებას სურს ამ კანონით ივაჭროს"

იუნითი

მმართველი გუნდი "რუსული კანონის" ამოქმედებას არ იწყებს, რადგან ამით დასავლეთთან ვაჭრობას გეგმავს - ამის შესახებ იურიდიული სააგენტო „იუნითის“ მმართველმა პარტნიორმა, ნიკა სიმონიშვილმა BMGtv-ის გადაცემაში "წერტილი" ისაუბრა.

სიმონიშვილის თქმით, "ოცნება" არ იწყებს კანონის აღსრულებას, რადგან პირდაპირი დარტყმის შემდეგ, რთული იქნება დასავლელ პარტნიორებთან ამ თემით ვაჭრობა.

" ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ამ კანონის იძულებითი აღსრულება არ დაწყებულა. გარკვეული ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ, მაგრამ არა ძირითადი ნაწილი. მიუხედავად ამისა, არც ერთ ორგანიზაციაში წერილიც კი არ მისულა ინფორმაციის მოთხოვნაზე. უცნაური სიტუაცია შეიქმნა, რომლის ახსნასაც წინა საარჩევნო პროცესის ერთი ეპიზოდით შევეცდები, რომელიც ეხებოდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და ეკა გიგაურის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნობას და ფაქტობრივად შეგვიძლია ასეთი უხეში პარალელი გავავლოთ, რომ წინასაარჩევნოდ ამ კანონის აღსრულება იქნებოდა ძალიან მძიმე ტვირთი "ქართული ოცნებისთვის" და ასეც მოხდა. ეს გადაწყვეტილება უკან წაიღეს და პოლიტიკური მდგენელი შემოვიდა. თუმცა, ახლა უკვე არჩევნებმა ჩაიარა და რას უნდა ველოდოთ რთული სათქმელია.

მე, მაინც ვფიქრობ, რომ იკვეთება კონტურები, როცა "ქართულ ოცნებას" სურს, ამ კანონმდებლობით ივაჭროს საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან მათი ლეგიტიმაცია ჰაერშია.

ცხადია, ახლა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ეს სურვილები რამდენად ასრულდება, როგორ აუსრულდება "ოცნებას" ოცნებები. თუმცა, აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ ეს საკითხი ვერ გახდება სავაჭრო იმ შემთხვევაში, თუ ვისთან ვაჭრობაც უნდათ [დასავლეთთან] მათ პირდაპირ დაარტყამენ. ამიტომ, ვაჭრობისთვის სახარბიელო სიტუაციაში ვერ იქნებიან, თუ პირდაპირ შეეხებიან დასავლეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ვაჭრობის საგანი, სიმონიშვილი ამბობს, რომ მათ შორის, კანონის გაუქმებაც.

"ვაჭრობის საგანი შეიძლება იყოს გაუქმება, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ "ქართულ ოცნებას" არ გაუჭირდა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს თავს დასხმოდა სხვადასხვა კანონმდებლობით. "რუსული კანონი" არც აუმოქმედებია, ისე გააკეთა ყველაფერი. ეს დამატებითი ინსტრუმენტია მისთვის და არა ერთადერთი, რომელიც გახდება ვაჭრობის საგანი, სხვა სავაჭრო საკითხებთან ერთად. ამას მოწმობს პრემიერის ბოლო განცხადებებიც, რომ თუ დაარწმუნებენ საწინააღმდეგოში, მზად არის კანონი გააუქმოს", - განაცხადა სიმონიშვილმა "წერტილში".

მისი თქმით, ეს კანონი იყო ერთ-ერთი რითაც "ოცნებამ" ევროინტეგრაცია შეაჩერა, მაგრამ ამ კანონის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე დავბრუნდებით, თუ არ შევასრულებთ სხვა ნაბიჯებს.

ცნობისთვის, "რუსული კანონის" რეესტრში 24 ნოემბრის მდგომარეობით 382 კომპანიაა რეგისტრირებული. რეესტრში საკუთარი ნებით 476 ორგანიზაციამ შეიტანა განაცხადი რეგისტრაციაზე, თუმცა ჯერ ოფიციალურად ყველას რეგისტრაცია ასახული არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები