მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არ იწვევს მაღაზიების სიმრავლე ფასების კლებას? - მირანდა მანჯგალაძის განმარტება

მირანდა მანჯგალაძე

რატომ ვერ ახერხებს ქართული ბაზარი ევროპული ქვეყნების მსგავსად ფასების ოპტიმიზაციას და რა როლს თამაშობს ამაში მაღაზიების დიდი რაოდენობა - რითეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე BMG-სთან აცხადებს, რომ ბაზარი ზედმეტად ფრაგმენტირებულია, სადაც 100-მდე მოთამაშეა, რაც თითოეული მათგანის საოპერაციო ხარჯებსა და პროდუქტის თვითღირებულებას ზრდის.

„მაღაზიების დიდი რაოდენობა ნიშნავს მაღალ კონკურენციას, ხოლო მაღალი კონკურენცია - დაბალ ფასს. უბრალოდ, პარადოქსულია ჩვენს შემთხვევაში ის, რომ ბევრი მაღაზიის რაოდენობა კონკურენტუნარიანია ერთმანეთის მიმართ არა ეფექტურობის, არამედ რაოდენობის თვალსაზრისით. ისინი არ არიან კონკურენტუნარიანები ეფექტურობის თვალსაზრისით და იმ მხრივ, თუ რამდენად აქვთ მიღწეული ეკონომიკის მასშტაბურობა ან შემცირებული თვითღირებულება,“ - აცხადებს მირანდა მანჯგალაძე.

მისივე განმარტებით, ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად გერმანიასა და ავსტრიაში, ბაზარი კონცენტრირებულია 3-4 მსხვილ მოთამაშეზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, მაღალი ბრუნვის ხარჯზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასები შეინარჩუნონ.

რაც შეეხება სადისტრიბუციო ხარჯებსა და ე.წ. „შესვლის გადასახადებს“, მანჯგალაძე განმარტავს, რომ ხარჯის გადამისამართება დისტრიბუტორიდან რითეილერზე ან პირიქით, საბოლოო ფასს არ ცვლის.

„ეს ხარჯი არსებობს რეალურად. ახლა რომელ მხარეს იქნება ეს ხარჯი - დისტრიბუტორის თუ რითეილერის მხარეს - მომხმარებლისთვის სურათს არ შეცვლის, ანუ არ შეამცირებს თვითღირებულებას. თუ არსებობს დომინანტი მხარე და ხელშეკრულებებში ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ეს კონკურენციის სააგენტოს შესასწავლია, თუმცა წინა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხელშეკრულებები დაბალანსებულია,“ - ამბობს მირანდა მანჯგალაძე.

მისივე თქმით, ხაზგასასმელია საქართველოს ბაზრის სიმცირე, რაც პირდაპირ აისახება ფასებზე, რადგან, იმპორტირებული პროდუქცია საქართველოში ავტომატურად ხვდება „პრემიუმ სეგმენტში“.

„საქართველოს ბაზარი პატარაა. როდესაც ჩვენ ვადარებთ ევროპულ წარმოებასა და იმპორტს, უნდა გვესმოდეს, რომ მოთხოვნა ჩვენს ბაზარზე არ არის ისეთი დიდი, რომ ფასი შემცირდეს. იმპორტირებული პროდუქტი საქართველოში პრემიალურია. სწორი იქნება, თუ პირველადი მოხმარების პროდუქტებს შევისწავლით, რომლებიც დაბალი და საშუალო სეგმენტისთვისაა განკუთვნილი და მომხმარებელი მათ აუცილებლობის გამო ყიდულობს.“

კითხვაზე, იხსნება თუ არა მაღაზიები მხოლოდ მარკეტინგული სტრატეგიის გამო, მაშინაც კი, როცა ისინი წამგებიანია, რითეილ ექსპერტი პასუხობს, რომ ბიზნესში ასეთი მიდგომა არ არსებობს.

„არ არსებობს მაღაზიის გახსნა მხოლოდ იმიტომ, რომ რაოდენობაში მოგემატოს და ის იყოს წამგებიანი. გახსნამდე უამრავი ანალიზი კეთდება - ლოკაცია, მომხმარებელი, ასორტიმენტი. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველა მაღაზია ვერ ამართლებს პროგნოზს 100%-ით, მაგრამ თავიდანვე წამგებიანი მაღაზია არცერთი ქსელისთვის არ იხსნება“ - ამბობს მირანდა მანჯგალაძე.

მთავრობა სურსათის ფასებზე ზეწოლის ერთ-ერთ მიზეზად, სუპერმარკეტების გაფართოებას მიიჩნევს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 100 ათას ადამიანზე გაანგარიშებით, საქართველოში მეტი მარკეტია ვიდრე ევროპაში. მისი თქმით, საქართველოში ეს მაჩვენებლი 113-ია, ევროპაში კი - 60.

დისტრიბუტორთა ასოციაციაშიც აცხადებენ, რომ ბრენდული საცალო-სავაჭრო ობიექტების რაოდენობის ზრდა ფასებზე გარჯკვეულ ზემოქმედებას მართლაც ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიათა სიმრავლე კონკურენციას უნდა აძლიერებდეს და ფასებს ამცირებდეს, დღეს ბაზარზე არსებული მოდელი სექტორისთვის დიდ ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს. ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ ყოველი ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯებს, რეალურად, სადისტრიბუციო და ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიები აფინანსებენ. ხოლო რითეილ სექტორი არარენტაბელური ობიექტების შემოსავლებს მიმწოდებლების ხარჯზე აკომპენსირებს, რაც საბოლოო ჯამში პროდუქციის თვითღირებულებაზე აისახება და ფასების ზრდას უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები