მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არ იხსნება ბაზრობები? - ნათია თურნავას განმარტება

5fe1c80be93c6
ინგა მურუსიძე
22.12.20 15:05
1334
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში მთავრობა ეკონომიკის ნაწილს ხსნის. კერძოდ, იხსნება ყველა არასასურსათო სავაჭრო ობიექტი/მოლი, გარდა დიდი ბაზრობებისა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ დღეს უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განმარტა.

მისი განცხადებით, ბაზრობების სტრუქტურიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგიური კონტროლი იქ შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ მთავრობამ სოციალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო.

"ვფიქრობთ, ბაზრობების სტრუქტურიდან გამომდინარე, რთული იქნება ამ შეზღუდვების დაცვა, რადგან ბაზრობები არის დიდი სივრცეები, სადაც ძალიან ბევრი ცალკე იურიდიული პირია და რაც არ უნდა ითქვას, ბაზრობების ადმინისტრაციას გაუჭირდებოდა სხვადასხვა მეწარმის მართვა; ასევე, ვერ აიღებდა პასუხისმგებლობას, განსხვავებით სხვა სავაჭრო ობიექტებისა.

აქედან გამომდინარე, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ძალიან რთულია მათ შორის ბაზრობებისთვის, მაგრამ შეზღუდვების დაწესების პარალელურად, ჩვენ დავაანონსეთ დახმარებების მეოთხე ტალღა, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც დროებით დაკარგავს სამუშაოს. თვითდასაქმებულებში, ბაზრობების კონტიგენტი არის საკმაოდ დიდი. დახმარება არ არის ბევრი, მაგრამ ის მინიმუმია, რაც შეგვიძლია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრობის კანდიდატი ირწმუნება, რომ მთავრობის გადაწყვეტილება სოციალურად მაქსიმალურად დაბალანსებულია, რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით 20 ათასამდე ინდმეწარმეა დარეგისტრირებული, რომელთაც არასასრურსათო, მცირე უბნის მაღაზიები აქვთ და მათ მუშაობის შესაძლებლობა გააჩნიათ.

„ეს გადაწყვეტილება ყველა კატეგორიის მოქალაქისთვის იქნა მიღებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები