დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საცურაო აუზებისთვის უნდა შემუშავდეს განსხვავებული წესები, როგორც ეს სასტუმროების აუზების შემთხვევაში მოხდა.
ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასტუმროების აუზების მსგავსად ღია საცურაო აუზების გახსნას შეეხებოდა.
პაატა იმნაძეს საცურაო კომპლექსების გახსნის თარიღი არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ ყველაფერი თავის დროზე გაიხსნება.
„ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება, უნდა იყოს რაღაც რიგითობა დაცული. ისედაც ქვეყანაში საკმაოდ დაჩაქარებული ტემპით მოხდა სხვადასხვა ბიზნეს სექტორის აქტივობების გახსნა. რა თქმა უნდა, გაიხსნება ეს აუზებიც, მაგრამ იქაც შესამუშავებელი იქნება გარკვეული წესები, განსხვავებული, იმიტომ რომ სასტუმროში არიან ფიქსირებული ადამიანები, ვინც არიან ამ სასტუმროს სტუმრები. ღია აუზებზე ადამიანები შედიან, ასე ვთქვათ, ქუჩიდანაც, ამიტომ ეს დასარეგულირებელი იქნება. რა თქმა უნდა, ყველაფერი გაიხსნება, ოღონდ თავის დროზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.