საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ მონაწილეობდა საქართველო ათენში გამართულ სამიტში. მისივე თქმით აღნიშნული სამიტის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების საკითხი არ ყოფილა.
„21 აგვისტოს, ათენში არაფორმალური სამიტი გაიმართა, რომელიც ცნობილი თესალონიკის სამიტის 20 წლის თავს მიეძღვნა. აღნიშნული ღონისძიება არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ მისი ორგანიზატორი იყო ბერძნული მხარე. ამ ღონისძიებაზე, თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ, როგორც სტუმრები.
ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა ევროკავშირის გაფართოება, არამედ უკრაინაში ომი. სწორედ, ამიტომ დაპატიჟებული იყო უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვა, მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა და მოლდოვა ხშირად არიან ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებული. ეს უკვე გარკვეულ პრაქტიკად იქცა“, - განაცხადა ყარაულაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ საბერძნეთის დედაქალაქში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით, "სალონიკის დეკლარაციის“ 20 წლის იუბილეს ფარგლებში სამიტი გაიმართა. შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად, უკრაინისა და მოლდოვის პირველი პირები და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები ესწრებოდნენ. სამიტის შემდეგ მათ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლითაც გამოხატეს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის ფონზე.