საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იაპონიის მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს მკაცრი რეკომენდაციებით მიმართა: ორგანიზაცია ქვეყანას მოუწოდებს, გააგრძელოს საპროცენტო განაკვეთების ეტაპობრივი ზრდა და თავი შეიკავოს სამომხმარებლო გადასახადის შემცირებისგან.
IMF-ის ამ რეკომენდაციის მთავარი მიზეზი იაპონიის კოლოსალური სახელმწიფო ვალია, რომელიც მშპ-ის 250%-ს აჭარბებს. IMF-ის პროგნოზით, ვალის მომსახურების ხარჯები 2031 წლისთვის გაორმაგდება ამჟამინდელ მაჩვენებელთან შედარებით. ასეთ პირობებში გადასახადების შემცირება, რასაც პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი განიხილავს, სავალუტო ფონდის აზრით, ქვეყანას მომავალი ეკონომიკური შოკების მიმართ დაუცველს დატოვებს.
ნაცვლად საყოველთაო საგადასახადო შეღავათებისა, IMF მთავრობას მიზნობრივ დახმარებას სთავაზობს, თანაც მხოლოდ ყველაზე მოწყვლადი ოჯახებისთვის, რათა საბიუჯეტო ბალანსი არ დაირღვეს და ქვეყანა კრიზისს მოუმზადებელი არ დახვდეს.
რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, IMF მიესალმება იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ ულტრა-რბილი პოლიტიკიდან გამოსვლას. ფონდი ბანკს ურჩევს, 2027 წლამდე განაკვეთი ნეიტრალურ დონემდე, დაახლოებით 1.5%-მდე გაზარდოს. IMF-ის შეფასებით, ეს აუცილებელია ინფლაციური მოლოდინების დასასტაბილურებლად, რადგან იაპონიაში ინფლაცია უკვე თითქმის ოთხი წელია 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია.
სავალუტო ფონდი ასევე აფრთხილებს ტაკაიჩის ადმინისტრაციას, არ ჩაერიოს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობაში. IMF-ის შეფასებით, მარეგულირებელზე პოლიტიკური ზეწოლა შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს იენის კურსისთვის და ის ინვესტორების მიერ იაპონური სახელმწიფო ობლიგაციების მასობრივ გაყიდვას გამოიწვევს.




























