მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ შედგა გარიგებები საქართველოს საფონდო ბირჟაზე ორი თვის განმავლობაში - განმარტება

6092c6823a40e
სალომე მეცხვარიშვილი
05.05.21 22:08
1381
ორ თვეზე მეტია საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიებზე არცერთი ლარის გარიგება არ განხორციელებულა. საქართველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი გიორგი ფარესიშვილი მიზეზებს შორის კორონავირუსის პანდემიას ასახელებს. როგორც ის ამბობს, კორონავირუსმა ბონდების ბაზარი, რომელიც პანდემიამდე დინამიკურ რეჟიმში ვითარდებოდა, სრულად გააჩერა, კომპანიების აქციებით ვაჭრობა კი არც მანამდე ყოფილა აქტიური.

“როცა საქმე მიდგება ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე, საქართველოში კომპანიები ძირითადად ობლიგაციებს უშვებენ, რომელიც თავიანთი შინაარსით დიდად არ განსხვავდება საბანკო სესხისგან.

აქციების გამოშვება უფრო რთულია, კომპანიები ფრთხილობენ, ეს მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული. ასევე შემაფერხებელი ფაქტორია, რომ კომპანიების მფლობლებს არ სურთ საკუთარი წილის შემცირება კომპანიაში, ტრადიციულად კი საქართველოში კერძო კომპანიები ერთი ან რამდენიმე პირის ხელში ან ოჯახის ხელშია და მათ არ სურთ ხოლმე კონტროლის დაკარგვა - აქციების გაყიდვა კი სწორედ ამას ნიშნავს.

რაც შეეხება ობლიგაციებს, მათ გამოშვებაზე ბოლო ერთი წელია დიდი გავლენა კოვიდის კრიზისმა იქონია. კორონავირუსის გამო კომპანიებმა შეაჩერეს განვითარების გეგმები, გაუგებარი მდგომარეობაა, ბაზარზე მოთხოვნაა შემცირებული, ბევრი ბიზნესი არ მუშაობს, შესაბამისად, დამატებითი დაფინანსების მოძიების საჭიროება, განსაკუთრებით სასესხო კაპიტალის სახით, დიდად არ იკვეთება. თუმცა, კორონას დაწყებამდე, ობლიგაციების გამოშვება იყო კარგად განვითარებადი, თვე არ გავიდოდა ობლიგაცია არ გამოგვეშვა, იმედი მაქვს, როცა პანდემია დასრულდება ეს დაუბრუნდება თავის ძველს ნიშნულს”,- აცხადებს გიორგი ფარესიშვილი.

მისივე თქმით, გარიგებებმა სრულად გადაინაცვლა არასაბირჟო მიმართულებით, რაც საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს და არასაბირჟო გარიგებები, რომელიც კონკრეტულად ორ კომპანიას შორის იდება, უნდა შეიზღუდოს.

“გარიგებები იდება, უბრალოდ იდება ბირჟის გარეთ. არასაბირჟო გარიგებები რომ ნახოთ, რეალურად იქ არის აქტიურობა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოში არასაბირჟო გარიგებები კანონმდებლობით არ არის შეზღუდული. ყველა განვითარებულ ქვეყანაში არის შეზღუდვა და ძირითადად გარიგებები იდება საფონდო ბირჟაზე, რომელიც არის ორგანიზებული ბაზარი. საზღვარგარეთ ეს ყველაფერი დარეგულირებულია კანონით, რომელიც მოითხოვს, რომ გარიგებების უმრავლესობა იდებოდეს საფონდო ბირჟაზე”,- აცხადებს გიორგი ფარესიშვილი.

მისივე განმარტებით, საბირჟო გარიგებებისგან განსხვავებით, არასაბირჟო გარიგებები უფრო მარტივი დასადებია, ასევე დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი, მაშინ, როცა ბირჟაზე ვაჭრობა დროში შეზღუდულია.

შეგახსენებთ, ამჟამად ბირჟაზე სულ 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდები არის დაშვებული, მათი ჯამური მოცულობა 2.38 მილიარდი ლარია, თუმცა ამ ფასიან ქაღალდებზე მარტის და აპრილის განმავლობაში საბირჟო გარიგებები საერთოდ არ დადებულა.

საქართველოს საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, 2021 წლის განმავლობაში სავაჭრო სესიებზე სულ რვა საბირჟო გარიგება შედგა, მათი მოცულობა 2,453 ლარს შეადგენდა. სავაჭრო სესიებზე ბოლო გარიგება 23 თებერვალს დარეგისტრირდა, რომლითაც "ლიბერთი ბანკის" 366 ლარის ღირებულების აქციები გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები