მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ შეეხებათ სავაჭრო მოლებს „მწვანე პასპორტის“ რეგულაცია? - განმარტება

6189253d4f2ab
ინგა მურუსიძე
08.11.21 18:36
4083
კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურული სივრცეები, გასართობი ცენტრები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები, სამთო კურორტების საბაგირო გზები - ეს იმ ობიექტების ჩამონათვალია, სადაც 1-ელი დეკემბრიდან შესვლას მხოლოდ და მხოლოდ ”მწვანე პასპორტის“ წარდგენის შემთხვევაში შეძლებთ. აღსანიშნია, რომ ამ ეტაპზე „მწვანე პასპორტის“ რეგულაცია სავაჭრო მოლებს არ შეეხო.

გამომდინარე იქიდან, რომ წინასაახალწლო პერიოდში სავაჭრო ცენტრებში მობილობა იმატებს, bm.ge-მ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ჰკითხა, რატომ ვერ მოხვდნენ „მწვანე პასპორტის“ მოქმედების არეალში მოლები.

ეკატერინე ტიკარაძის მოადგილე ამბობს, რომ მართალია, რაც უფრო მეტ ადგილზე იმოქმედებს „მწვანე პასპორტის“ რეგულაცია, მით უკეთესია, თუმცა ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ საკითხს „ეტაპობრიობის პრინციპით“ მიუდგნენ.

"ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდეს იმ ობიექტებში, რომლებიც პოტენციურად ინფიცირების ყველაზე დიდ ბუსტერებადაა მიჩნეული და ასეთია მაგალითად, რესტორნები, ფიტნეს-დარბაზები და ა.შ. ეს არის გარემო, სადაც პირბადეს ვერ გამოიყენებს ადამიანი. ამიტომ აქედან დავიწყეთ და შემდეგ ვნახოთ... სხვა ქვეყნებშიც, პირველადი მოხმარების ნივთების მაღაზიებში „მწვანე საშვები“ არ მოქმედებს და აქაც მისი ამოქმედება რთული იქნება. რაც შეეხება არაპირველადი მოხმარების მაღაზიებს, მათთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება. მთავარია, დავიწყოთ სწორად იქ, სადაც მეტია რისკი. თავისთავად ეს ეპიდემიისგან დაცვაც არის, არა მხოლოდ ვაქცინაციის სტიმულირება“, - განაცხადა გაბუნიამ.

Bm.ge-ს დამატებით კითხვას - შეიძლება თუ არა, მომავალში ობიექტების ჩამონათვალს სავაჭრო მოლებიც დაემატოს, თამარ გაბუნია ასე  პასუხობს: „ვნახოთ, როგორ წავა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და 1-ელი დეკემბრიდან რამდენად სწორად ამოქმედდება საშვები უკვე განსაზღვრულ ობიექტებში“.

ამასთან, ის ირწმუნება, რომ მოლებში ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია და თუ ადამიანები წესებს დაიცავენ ანუ პირბადეს არ მოიხსნიან, ინფიცირების რისკი მინიმალურია.

რაც შეეხება „მწვანე პასპორტების“ რეგულაციასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საკითხს, რომლის თანახმად, ობიექტებში „მწვანე საშვებს“ მოსთხოვენ მხოლოდ სტუმრებს და არა - თანამშრომლებს, თამარ გაბუნია ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზით ხსნის: პირველი - თანამშრომელთა ტესტირება მუდმივად მიმდინარეობს და მეორე - მათაც დასჭირდებათ რესტორნების გარდა სხვა მომსახურება, რის გამოც შეიძლება აიცრან“.

„რესტორნების თუ სხვა ობიექტების თანამშრომელთა დაცვის მექანიზმი დღეს პერიოდული ტესტირებაა, რომელიც 2021 წლის ბოლომდე სახელმწიფოს ხარჯზე ხდება. აღნიშნული მიდგომა წლის ბოლოსთვის ალბათ გადაიხედება, თუმცა მანამდე ეს მექანიზმი გვაქვს. გარდა ამისა, ნებისმიერი დაქირავებული გარკვეული სერვისის მომხმარებელი თავადაც არის, ამიტომ სავარაუდოდ, მასაც მოუწევს, რომ სხვა სერვისების მისაღებად აიცრას. დამქირავებლის და დაქირავებულის ვალდებულებაზე საუბარი რომ დავიწყოთ, ეს უკვე უფლებრივ საკითხებში გადადის. ვიდრე ტესტირებები მიმდინარეობს, ვეცდებით ნებაყოფლობით აიცრან ადამიანები“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, მთავრობას ბიზნესის იმედიც აქვს, რომ თანამშრომლების ვაქცინაციისთვის მასტიმულირებელ ღონისძიებებს მიმართავენ. „ბიზნესმა შეიძლება გარკვეული სტიმულები გააკეთოს“, - თქვა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები