2021 წლის 9 თვეში, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $728.4 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია. თუმცა, FDI-ს შორის $613 მილიონი არა ახალ ინვესტიციებზე, არამედ "რეინვესტიციებზე" მოდიოდა.
როგორც აუდიტორული კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორმა ირაკლი ჟვანიამ „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა, რეინვესტირება კარგია, მაგრამ საჭიროა ამ რიცხვების კარგი გაანალიზება და მათზე საუბარი.
„წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, ზრდა გვაქვს. მაგრამ ვიცით როგორიც იყო წინა წელი, როცა ბოლო წლების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე ამჟამინდელი ზრდა დინამიკაში დადებითად ვერ შეფასდება.
2014 წლიდან ინვესტიციების ტენდენცია კლებადია. თუ არ ჩავთვლით 2017 წელს, როდესაც შეიცვალა მეთოდოლოგია და ის წელი რეკორდულად გამოჩნდა საქართველოსთვის. თუმცა შემდეგაც კლების ტენდენცია არ იყო მარტო კოვიდით განპირობებული. შვიდი წელია ასე გრძელდება. ის რომ რაღაც უნდა არსებითად შეიცვალოს და ეს ქვეყნის პრობლემაა, ამაზე ყველამ უნდა ისაუბროს“, - განაცხადა მან.
ხოლო კითხვაზე რატომ არ შემოდიან ახალი ინვესტორები ქვეყანაში, ირაკლი ჟვანიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ცუდი მაგალითები დაუგროვდა.
„ძალიან ძნელია ახალი ინვესტორების შემოსვლა ქვეყანაში, მაშინ როდესაც ვხედავთ ერთ მხარეს გარკვეულ ინიციატივებს, ეს იქნება მრჩევლის ინსტიტუტის დამატება თუ მთავრობის განვითარების გეგმები, თუმცა მეორე მხარეს უნდა ავიღოთ რეალურად რა ხდება. მსხვილი ინვესტორები - ნამახვანჰესის, ანაკლიის პორტის - ისე დაკარგა ქვეყანამ რომ განუხორციელებელი დარჩა. ეს არის ცუდი მაგალითები. ძალიან ძნელია 1-2 კონკრეტული ქმედებით რაიმეს შეცვლა. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი პროცესი“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, თუ ქვეყანაში სტაბილურობა ვერ შევინარჩუნეთ, რთული იქნება ინვესტიციების გაზრდა.




























