პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ოცნების" ხელისუფლება რომ არა, რუსეთი საქართველოში 2022 წელსაც შემოვიდოდა.
სოხუმის დაცემის დღეს მთავრობის მეთაური გმირთა მემორიალზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან ჟურნალისტებს მიმართა კითხვით რატომ არ შემოვიდა რუსეთი საქართველოში 2022 წელს, რაზეც ჟურნალისტებმა უთხრეს, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. ირაკლი კობახიძემ თავის კითხვას თავადვე უპასუხა და განაცხადა, თუ ვინმე საქართველოში ომზე და რევოლუციაზე ოცნებობს, ეს ოცნება არ აუსრულდება.
"რუსეთი რატომ არ შემოვიდა საქართველოში 2022 წელს? ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, ჩვენ რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რასაც გვიყენებდნენ, არამარტო უკრაინის მაღალჩინოსნები, რუსეთი საქართველოში 2022 წელს იქნებოდა შემოსული. თუ ვინმე ოცნებობს საქართველოში რევოლუციაზე, არეულობაზე და მეორე ფრონტზე, რასთან დაკავშირებითაც პირდაპირ მინიშნებებია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, ეს ოცნებები არ ახდება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ კობახიძემ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ 2008 წელს ომი რუსეთს არ დაუწყია, "სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი".