მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ სტუმრობენ საქართველოს ზამთრის კურორტებს მაღალშემოსავლიანი ტურისტები?

გუდაური

გამოცემა „ფორბსი“ ახალი წლის შესახვედრად ევროპის 10 საუკეთესო ადგილს ასახელებს, რომელთა შორის თბილისიც არის.

BM.GE-სთან Traffic Travel-ის ხელმძღვანელი, ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ რეიტინგში მოხვედრა თავისთავად ძალიან სასიამოვნო ფაქტია, თუმცა რეალობა სხვაგვარია და თბილისის საშობაო სოფელში ევროპელ, ამერიკელ და სხვა, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებიდან ტურისტებს ფაქტობრივად ვერ შეხვდები.

"ძალიან სასიამოვნოა და გამიხარდა, რომ კონკრეტულმა გამოცემამ ედიმბურგის, ლონდონის და მსოფლიოს სხვა, გამორჩეული ქალაქების გვერდით მოგვიხსენია. თუმცა, ეს არაფერს გვეუბნება, რადგან, საშობაო სოფელში სულ სხვა სურათია. სანთლითაა საძებნელი ტურისტი და მოგზაური, რომელიც ჩვენთვის ყველაზე სასურველი და რეალური დოვლათის მომტანია. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს მოაქვთ ის პოტენციალი, რაც საქართველოს ტურისტულ სექტორს რეალურად კონკურენტულს ხდის და გვაძლევს ბიძგს მომსახურების ხარისხი ავამაღლოთ," - აცხადებს ჯაფარიძე.

მისივე თქმით ანალოგიურია ვითარება ზამთრის კურორტებზე. თუმცა, Traffic Travel-ის დამფუძნებელი მიიჩნევს,რომ ამ შემთხვევაში აქცენტი სპარსეთის ყურის ქვეყნებზე უნდა გაკეთდეს, სადაც საიმიჯო კამპანიას სახელმწიფო არ აწარმოებს.

,,ასეთი ხალხი საქართველოში ძალიან ცოტა ჩამოდის. თუ გადავხედავთ ზამთრის კურორტებს, ეს უფრო თვალსაჩინოა. სულ ვიმეორებ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები საქართველოს ზამთრის ტურიზმისთვის არის მაშველი რგოლი, რადგან იქ ცხოვრობს უამრავი მიგრანტი ქვეყნებიდან, სადაც სათხილამურო სპორტი უყვართ და ზამთარი ასოცირდება თხილამურებთან. ამასთან ისინი არიან მაღალმხარჯველ უნარიანები. საკმაოდ ადვილია დუბაიდან საქართველოში ფრენა, დროის თვალსაზრისითაც და პირდაპირი რეისებიცაა, თუმცა დეკემბერში ვიყავი დუბაიში ჩასული და უნდა ითქვას, რომ არანაირი კამპანია არ მიდის რომ მოვიზიდოთ ეს ხალხი და საქართველოში ფული დახარჯონ. რა რეკლამებიცაა ეს არის სრულად კერძო სექტორიდან. კომპანიების ასეთი, ინდივიდუალური მცდელობები ბაზარზე ვერაფერს შეცვლის. გასაგებია, რომ ვახერხებთ რამდენიმე ტურის ჩამოყვანას სეზონზე, მაგრამ ეს ფონს ვერ ქმნის. გუდაურში რამდენჯერაც ვიყავი ასული, ფაქტობრივად არ მინახავს იქ ევროპელი ტურისტი, ჯავშნების რაოდენობაც ცოტაა. მაშინ, როცა საახალწლო პერიოდი ტრადიციულად სულ დაკავებულია. ვერ ვიტყვი რომ ნული, მაგრამ ნულთან მიახლოებული მაჩვენებელია.

ვერც კი შევადარებთ 2018-2019 წლებს, რომელიც ქართული ტურიზმისთვის ოქროს პერიოდი იყო. მიზეზი ისაა, რასაც ჩვენ და ჩვენს კოლეგებს ხშირად გვეუბნებიან, რომ გამოქცეული რუსების თავშესაფარი ვართ და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პირდაპირი ფრენების სიმცირე. რაც გვქონდა, ისიც კი არ აღდგა პანდემიის შემდეგ, მაგალითად იგივე ლონდონთან, ან სკანდინავიის ქვეყნებთან. ეს ყველაფერი ერთობლივად ქმნის ფონს, რომ ტურისტების რაოდენობა და სფეროს მომგებიანობა მცირდება," - განაცხადა ჯაფარიძემ bm.ge-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები