მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ უჭერს მხარს სახელმწიფო განბაჟების 300-ლარიანი ზღვრის გაზრდას? - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ამანათები

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, შესაძლოა, გადასახადისგან გათავისუფლდეს 700 ლარამდე ღირებულების, 30 კილოგრამამდე საერთო წონის საქონლის საფოსტო გზავნილი, ნაცვლად 300 ლარის ღირებულებისა. განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს თან ერთვის, აღნიშნულია, რომ 300-ლარიანი ლიმიტი დადგენილია 2009 წელს და მას შემდეგ ქვეყანაში მკვეთრად შეიცვალა ლარის კურსი და მოსახლეობამ ამ საკითხზე არაერთი პეტიცია შეადგინა. კანონპროექტის ინიციატორი ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილია.

ფინანსთა სამინისტრო ინიციატივას მხარს არ უჭერს. მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც უწყება 300-ლარიანი ზღვრის გაზრდას არ ეთანხმება.

„ამ ტიპის შეღავათებს არც ევროკავშირის და არც სხვა საერთაშორისო მაგალითი არ აქვს. ადგილობრივი წარმოების, იგივე ღირებულების, იგივე ზომის პროდუქტი დამატებული ღირებულების გადასახადით იბეგრება. საუბარია, რომ იმპორტული წარმოება რაღაცა ზღვარს მიღმა აღარ იბეგრებოდეს. აქ გარკვეული შეღავათი არსებობს 300 ლარამდე ამ შეღავათის მიზანი არასდროს ყოფილა სოციალური. სოციალური მიზნით გათავისუფლებულია წამლები, სხვადასხვა წიგნი და ა.შ. აქ საუბარია იმაზე, რომ დღგ-სგან გათავისუფლდეს სხვადასხვა სახეობის პროდუქტი, რაც ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ არასწორ მოტივაციებს ქმნის - რატომ უნდა გადაიხადოს ადგილობრივმა მწარმოებელმა და იმპორტირებულ პროდუქტზე რატო არ უნდა გადავიხადოთ. მეორე - ფისკალური ეფექტია. ჩვენი შეფასებით, ამას დაახლოებით ₾70 მილიონამდე ეფექტი ექნება ბიუჯეტზე. როცა ეს შეღავათი ამოქმედდება, გაცილებით მეტი ისარგებლებს, მათ შორის, შესაძლოა, ორგანიზებული იმპორტიც ამაზე გადაერთოს. აქ არ არის საუბარი, რომ რომელიმე ორგანიზებული იმპორტის ბიზნესი დაზარალდება, თუმცა ეგეც მხედველობაშია მისაღები. ღირებულებითი მექანიზმი, რომ ეს დღგ-სგან არ უნდა იბეგრებოდეს, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. ადგილობრივი წარმოების 1-ლარიანი პროდუქტებიც იბეგრება დღგ-თი და იმპორტიც უნდა იბეგრებოდეს. ამიტომ, ფინანსთა სამინისტრო არ ვუჭერთ მხარს ამ ინიციატივას“, - განაცხადა მირზა გელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები