საქსტატმა მოსახლეობის აღწერის ვადა 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა და კვლავ აამოქმედა თვითრეგისტრაციის პორტალი. როგორც დღეს, ბრიფინგზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, აღწერის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ თბილისში მცხოვრები მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, კარს არ უღებს აღმწერს.
BMG-ის კითხვაზე, რა არის კარის არგაღების მიზეზი, თოდრაძე ამბობს, რომ ძირითადად, თავის არიდება უცხო ადამიანის სახლში შეშვებასთან დაკავშირებით. მან განმარტა, რომ ზოგადად, სხვა დროსაც არსებობს ეს გამოწვევა, თუმცა მწვავედ შეიმჩნეოდა აღწერის პროცესში, რაც შესაძლოა მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებსაც უკავშირდებოდეს.
"თბილისი და განსაკუთრებით რამდენიმე უბანი გამოირჩევა სხვა რეგიონებთან შედარებით, კარის არ გაღების მაღალი მაჩვენებლით. ეს მხოლოდ მოსახლეობის აღწერის ან დღევანდელი რეალობისთვის არ არის დამახასიათებელი. თუმცა, ეს გაცილებით მწვავედ იდგა ამ პროცესში. მიზეზი სხვადასხვა იყო. უბრალოდ მათ არ სურდათ, სხვადასხვა გარემოების გამო, უცხო ადამიანის შეშვება საკუთარ ოჯახში, იყო გარკვეულწილად უნდობლობა ინსტიტუციის მიმართაც, თუმცა უფრო კონკრეტული მიზეზი ამის შესახებ გვექნება რამდენიმე თვეში, როდესაც მოვახდენთ ამის შეფასებას", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მისივე თქმით, თბილისში უკვე მოცულია მოსახლეობის 75%-ზე მეტი.