ISET-ის წამყვანი ეკონომისტის გიორგი პაპავას აზრით, გადასახადების შემცირება ინფლაციასთან ბრძოლის ინსტრუმენტი ვერ იქნება, თუმცა თუ მთავრობა მის გამოყენებას მაინც გადაწყვეტს, ეს ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის შემცირებით არ უნდა დაიწყოს.
Bmg-სთან ინტერვიუში გიორგი პაპავა აცხადებს, რომ ფასების შემცირებაში მთავრობის წვლილი საკუთარი დანახარჯების შემცირებასა და ბიუჯეტის დეფიციტის კლებაზე გადის.
„გარდა იმისა, რომ აქციზის გადასახადი არის შემოსავლის წყარო ბიუჯეტისთვის, დამატებით აქვს მაკორექტირებელი ფუნქცია, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ ის ადამიანები, ვინც საწვავის იმპორტს ახორციელებენ თუ მოიხმარენ მას, გარკვეულ ნეგატიურ გავლენს ახდენენ სხვა ადამიანებზე, აბინძურებენ გარემოს და ა.შ. რისთვისაც იხდიან ამ საფასურს. ამიტომ გადასახადების შემცირებაზე შესაძლოა რაღაც მომენტში დისკუსია იყოს, თუმცა სხვა გადასახადების ცვლილებით ინფლაციაზე უფრო დადებითი ეფექტის მოხდენაა შესაძლებელი. ამასთან, ცალსახად არ ვემხრობი რაიმე ტიპის სუბსიდირებას, რომელიც ფასების შენარჩუნებაზე იქნება ორიენტირებული; არ შეიძლება ერთი მხრივ, გადასახადს ახდევინებდე და მეორე მხრივ, ასუბსიდირებდე - მსგავსი პოლიტიკა წინააღმდეგობრივია.
ამდენად, ინფლაციაზე გავლენის მოსახდენად მთავრობას შეუძლია, შეამციროს საკუთარი დანახარჯები და ნაკლებად განახორციელოს ისეთი პროექტები, როგორიცაა „მშენებლობა განვადებით“, რითაც წელს დამატებით 500 მილიონიდან 1 მლრდ ლარამდე პროექტების განხორციელება იგეგმება, რომელიც რეალურად არის დამატებითი ხარჯი და საბოლოოდ გადაითარგმნება მეტად თუ ნაკლებად გაზრდილ ფასებში“, - განაცხადა პაპავამ.
ინფორმაციისთვის: საქართველოში ტონა საწვავი 500 ლარის აქციზით იბეგრება, რაც ლიტრზე 38 თეთრის გადასახადს ნიშნავს. ასევე თითოეული ლიტრი საწვავი 18%-ის ოდენობით დღგ-ით იბეგრება.




























