მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არ უშველა ტრამპმა კრიპტოინდუსტრიას?

ტრამპი კრიპტო

2025 წელი კრიპტოინდუსტრიისთვის არასახარბიელო შედეგით სრულდება. ინდუსტრიის საერთო შეფასება უკვე ტრილიონ დოლარზე მეტადაა შემცირებული, ხოლო პიკურ მაჩვენებელთან შედარებით ბიტკოინის ვარდნა 35%-ს აღწევს, ხოლო ეთერიუმის კორექცია 45%-ია. ზოგიერთი კრიპტოაქტივის შემთხვევაში, ფასი ფაქტობრივად განახევრებულია, რაც ტექნიკურ დონეზე იმას ნიშნავს, რომ ბაზარი ე.წ. bear market-ის ფაზაში გადავიდა.

ბაზრის განწყობის ინდექსი ამჟამად ექსტრემალური შიშის ზონაშია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორების განწყობა კრიპტოინდუსტრიის მიმართ საკმაოდ ნეგატიურია. ვითარებას განსაკუთრებით ის ართულებს, რომ კრიპტოაქტივების გაყიდვა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა, ჰეჯ-ფონდებმა და კომპანიებმაც კი დაიწყეს, ანუ საქმე გვაქვს არა მხოლოდ კერძო ინვესტიციის, არამედ ინსტიტუციური კაპიტალის გადინებასთან.

მთავარი მიზეზი, რომელიც კრიპტობაზრის მიმართ ოპტიმიზმს ანელებს, პოლიტიკას უკავშირდება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში კრიპტოინვესტორები ელოდნენ, რომ მისი გაპრეზიდენტება პროკრიპო პოლიტიკას გააძლიერებდა და ბლოკჩეინს მეტ თავისუფლებას მისცემდა. თუმცა დროის გასვლასთან ერთად, ეს ნარატივი გაიფანტა: არც მკაფიო პოზიციაა რეგულაციებზე, არც ინოვაციური პოლიტიკის კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულა. უფრო მეტიც, არც ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვი ჩანს, რომელსაც ტრამპი რამდენიმე თვის წინ აანონსებდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ტრამპის ოჯახი საკუთარი კრიპტოაქტივებით და გარიგებებით გამდიდრდა, ხოლო ამით სარგებელი რამდენიმე კომპანიის გარდა, სხვას არავის მიუღია.

ზოგადად, კრიპტოინდუსტრიის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მისი ზრდა ყოველთვის ემოციურ მოლოდინებზეა დაფუძნებული და არა ეკონომიკურ საფუძველზე. როცა ბაზარზე ახალი ნარატივი ჩნდება, ფასები იზრდება, მაგრამ როცა ეს ემოციური ნარატივი ქრება, ინვესტორები ხვდებიან, რომ რეალური მოთხოვნა მწირია და კრიპტოაქტივების პრაქტიკული დანიშნულება ჯერაც ლიმიტირებულია.

ამას ისიც ემატება, რომ შესყიდვების უდიდესი ნაწილი კვლავ რამდენიმე მოთამაშეზე მოდის, კერძოდ კრიპტობირჟებზე, ენთუზიასტებზე და პრო-კრიპტო კომპანიებზე. თუმცა ის კომპანიები, რომელთა იმედიც ინდუსტრიის წარმომადგენლებს ჰქონდათ, ანუ ტექნოლოგიური გიგანტები, ბანკები და სავაჭრო ქსელები — პრაქტიკულად არ იღებენ მონაწილეობას ეკოსისტემის ზრდაში და აქტივების შესყიდვაში.

დღეს ბიტკოინისა და ეთერიუმის ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი კვლავ შიდა ბაზარზე ტრიალებს, ანუ გადარიცხვები ინვესტორიდან ინვესტორამდე ხორციელდება, მაშინ როცა კრიპტოს დანიშნულება რეალური გამოყენება უნდა ყოფილიყო და არა შიდა ცირკულაცია. ფაქტია, რომ არც მასობრივი გადახდები გვაქვს, არც ბიზნესების მხრიდან ფართო მიღება. შესაბამისად, კაპიტალი მოძრაობს წრეზე, ფასის დინამიკა კი მინიმალურია.

საფონდო ბირჟისგან განსხვავებით, სადაც კომპანიების აქციები რეალური შემოსავლების, მოგებისა და პროდუქტების გამოშვების მიხედვით იცვლება, კრიპტოაქტივების ღირებულება მთლიანად დამოკიდებულია ბაზრის განწყობაზე. როგორც კი ეს განწყობა ქრება — მოძრაობაც წყდება და ინდუსტრია სტაგნაციის და შემდგომ მკვეთრი რეცესიის ფაზაში გადადის, რაც საბაზრო ციკლის სახელით არის ცნობილი. ამჟამად კრიპტოინდუსტრია ვარდნის, ანუ მკვეთრი რეცესიის ფაზაშია, რომელიც, რამდენი ხანი გაგრძელდება მხოლოდ ერთმა ადამიანმა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იცის, რადგან ბიტკოინის და მთელი კრიპტოინდუსტრიის ბედ-იღბალი ამჟამად სწორედ მასზეა დამოკიდებული. მართალია, ტრამპს 2025 წელს კრიპტოინდუსტრიასთან დაკავშირებით თითქმის არცერთი დანაპირები არ შეუსრულებია, თუმცა შეიძლება 2026 წელი განსხვავებული იყოს და პრეზიდენტმა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებიც გადადგას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები