ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირის“ ეთერში საქართველოს საგარეო კურსზე ისაუბრა.
ამერიკის მოქალაქე მიიჩნევს, რომ ამერიკა იმიტომ არის ძლიერი ქვეყანა, რომ ყურებს თავის ინტერესებს და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.
„ამერიკაში პრეზიდენტს რომ ირჩევენ, ირჩევენ იმისთვის, რომ ამერიკისთვის გააკეთოს კარგი. მას არ ირჩევენ იმისთვის, რომ საქართველოსთვის გააკეთოს კარგი და კიდევ 200 ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, თუ ამერიკისთვის კარგს აკეთებს და ამას დაემთხვევა, რომ საქართველოსთვის კარგია, ამას გააკეთებენ, უნდათ და აკეთებენ, მაგრამ თუ დაემთხვა, რომ ის რაც საქართველოსთვის კარგია, ამერიკისთვის არის ცუდი, თვალს ერთი წამითაც არ დაახამხამებენ და გააკეთებენ იმას, რაც ამერიკისთვისაა კარგი. ამიტომ არის ამერიკა ძლიერი ქვეყანა - უყურებს თავის ინტერესებს. საქართველომაც უნდა შეხედოს თავის ინტერესებს. ამომრჩეველმაც უნდა შეხედოს. ვფიქრობ, დღეს ღიად გვეუბნებიან, რომ ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს. თან გვეუბნებიან, არ აქვს მნიშვნელობა, ვის აირჩევო. არჩევნებიც კი არ არისო", - განაცხადა "იმედის" მფლობელმა.
ამერიკის მოქალაქე ასევე "განმარტავს" რატომ არის აშშ-სთვის საინტერესო საქართველო.
„გუშინ ვკითხულობდი The New York Times-ის 2017 თუ 2018 წლის სტატიას, სადაც 1945 წლიდან 2000 წლამდე ამერიკამ მსოფლიოში მოახდინა 81 მთავრობის შეცვლა და ამოტრიალება. 2016 წლის არჩევნებში, სადაც რუსეთი ერეოდა, ამის პასუხადაა დაწერილი ეს სტატია, რას აკეთებდა ამერიკა ამ დროს.
90–იან წლებში ამერიკამ საქართველოში ააშენა მსოფლიოში ყველაზე დიდი საელჩო. მაშინაც ეს საოცრება იყო, რომ უცებ ამ პატარა საქართველოში, იმ სიღარიბის პერიოდში ამერიკამ ააშენა მსოფლიოში ყველაზე დიდი საელჩო. 2014 წლის შემდეგ ეს ყველაფერი უკრაინაში გადავიდა. იქამდე ჩვენ ძალიან დიდ დახმარებას ვიღებდით, შემდეგ დაიწყო კლება ამ თანხამ. ამერიკა ამბობს რომ 2014 წელს თქვენ გამდიდრდით. შეიძლება, მაგრამ ასევე უკრაინაში მაიდანი მოხდა და გაჩნდა ჩვენზე უფრო საინტერესო პლატფორმა.
ამერიკა ამას არ მალავს და პირდაპირ გაწერილი აქვს. პირდაპირ ღიად ლაპარაკობენ, რომ ჩვენ დავრჩით მარტო, მადლობა, რომ საბჭოთა კავშირი მოვიშორეთ და ახალა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეორე საბჭოთა კავშირი არასოდეს არ აღდგეს, ანუ ამერიკას დაპირისპირებული ქვეყანა არ უნდა ჰყავდეს. ეს არის პირდაპირ მათი მიდგომა.
ამერიკა ხარჯავს დაახლოებით 40% – ს მთელი სამხედრო შეიარაღებისთვის და მეორე 40% იხარჯება ამერიკულ შეიარაღებაზე, ანუ მისი მეგობრები ხარჯავენ, რომ ამერიკისგან იყიდონ შეიარაღება. 80% შეიარაღების ამერიკისაა მსოფლიოში. წარმოუდგენლად ძლიერი ქვეყანაა.
მან ააშენა ამხელა საელჩო, მე მგონია იმიტომ, რომ რუსეთის ეშინოდა მაინც, რომ რუსეთი იყო ის, რომელიც ფერფლიდან ისევ არ ამოვიდეს ის რაღაც მონსტრი, რაც იყო საბჭოთა კავშირი. მაშინ საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უსიტყვოდ და უპირობოდ მიჰყვებოდა ამერიკას. ჩვენ ვიყავით მაშინ ერთადერთი საყრდენი ძალა რეგიონში, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ამერიკის ფორ-პოსტი რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, მას არ მიჰყვებოდა. შემდეგ გაჩნდა უკრაინა, ბევრად უფრო საინტერესო და დიდი ქვეყანა და ამერიკაც იქით გადავიდა" - თქვა რუხაძემ.