წამყვანი საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ს მთავარი სტრატეგი, მაიკ უილსონი ოქროს ფასის მკვეთრ ვარდნას და მის ე.წ. დათვის ბაზარში გადასვლას საფონდო ბირჟისათვის პოზიტიურ მოვლენად აფასებს.
მიუხედავად იმისა, ოქროს 26%-ით გაუფასურება ზოგიერთ ინვესტორში შიშს იწვევს, უილსონის აზრით, ეს მოვლენა არა შიშის, არამედ ბაზარზე სიხარბის დაბრუნების მანიშნებელია.
მისი განმარტებით, ბოლო თვეების განმავლობაში ოქროს ფასის რეკორდული ზრდა ინვესტორების მხრიდან გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო არსებულ პანიკას ასახავდა. ოქროს ფასის მკვეთრი ვარდნა კი იმაზე მიანიშნებს, რომ ბაზარზე თავდაცვითი განწყობა სუსტდება. უილსონის განმარტებით, ოქრო ბაზრის განწყობის საზომი ინდიკატორია, რომელიც ახლა პანიკიდან შესაძლებლობებისკენ იხრება.
ამასთან, როდესაც ინვესტორები ოქროს პოზიციებს მასობრივად ხურავენ, გამოთავისუფლებული კაპიტალი ხშირად საფონდო ბაზარზე ბრუნდება. Morgan Stanley-ს დაკვირვებით, ტრეიდერები უფრო მეტ ნდობას ტრადიციული აქტივების მიმართ იჩენენ, რადგან მოელიან, რომ ეკონომიკური მდგომარეობა, გეოპოლიტიკური ფონისა და ინფლაციის მიუხედავად, სტაბილურობას მაინც შეინარჩუნებს.
უილსონი ხაზს უსვამს S&P 500 ინდექსისა და ოქროს ფასის თანაფარდობასაც. მისი თქმით, ამ თანაფარდობის ზრდა ნიშნავს, რომ ინვესტორები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი კორპორაციული სექტორის მიმართ და ნაკლებად ნერვიულობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მსოფლიო ომი, დეფლაცია ან სისტემური კრიზისი, რაც ჩვეულებრივ ოქროს ფასს ზრდის.
საერთო ჯამში, ინვესტორებში სარისკო აქტივების მიმართ ინტერესის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარი აღარ ელოდება აპოკალიფსურ სცენარებს და მზად არის, ფსონი კვლავ ეკონომიკურ ზრდასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე დადოს, რაც, გრძელ ვადაში, ყოველთვის სწორი არჩევანია.




























