ახლა, "ქართულ ოცნებას" IMF-ის პროგრამა ყველაზე მეტად საერთაშორისო ლეგიტიმაციისთვის სჭირდება - ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მავნე თეზისია, რომ ჩვენ ფული კი არა, რეფორმები გვინდა. რადგან, რეფორმების რეალური სურვილისა და მზაობის შემთხვევაში სრულად შესაძლებელი იყო, მინიმუმ ერთი საჩვენებელი რეფორმის გატარება.
"სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება, ეს საერთაშორისო იზოლაციის ერთ-ერთი შემადგენელია. მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური ბოიკოტის ნაწილი. საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრები, გარდა ინფრასტრუქტურულსა, ყველაფერი გაჩერდა. არავითარი ფული საქართველოში აღარ შემოდის.
"ოცნება" ახლა თავადაც ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია რეფორმები და არა ფული. თუ მათთვის მართლა რეალურად რეფორმები იყო მნიშვნელოვანი, რატომ არ გაატარეს აქამდე? შეჩერების უმთავრესი მიზანი იყო სებ-ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის განადგურება, მისი გადაწყვეტილებები, რისი გამოსწორებაც უპირველესად ქვეყნის ინტერესია.
ახლა კაკაურიძე [მინისტრის მოადგილე] ამბობს, რომ 2021 წელს ყველაფერი შევასრულეთ და ფონდის პროგრამაც გრძელდებოდაო, ყველაფერი კი არ შეასრულეს, საშინელი პანდემიის შემდეგ სავალუტო ფონდმა 650 მლნ დოლარი გადმოურიცხა ეროვნულ ბანკს და ეროვნული ბანკის ბალანსში თუ ჩავიხედავთ, ერთი წლის წინანდელი მონაცემებით, ეროვნულ ბანკს სავალუტო ფონდის 965 მლნ აშშ დოლარი მართებს. ახლა დაახლოებით 850 მლნ-ია. აქედან, სესხი 350 მლნ-მდეა, დანარჩენი 600 მლნ არის IMF-ის მიერ, საქართველოსთვის ლარის ჩამოშლის თავიდან აცილებისთვის საჩუქარი. პანდემიის დროს საქართველოს მისცეს ლარის სიმყარისთვის 650 მლნ, რომელიც უკან დასაბრუნებელიც კი არ არის. მაშინ, ეს მოხდა იმიტომ, რომ საქართველოს არ ჰქონდა იზოლაციის კურსი არჩეული და მისიაც არსებობდა ავად, თუ კარგად. როცა ამბობენ, რომ ჩვენ პროგრამას ვასრულებდით და ამიტომ ვიღებდით ფულს, ეს სიცრუეა! ფული მივიღეთ, მეგობრული მყისიერი მხარდაჭერის გამო", - განაცხადა გოცირიძემ.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება IMF-თან ახალი პროგრამის შეთანხმების თაობაზე, პირველ რიგში, ეს უნდა მოხდეს იმ რეფორმებზე შეჯერებით, რომელთა განხორციელებაშიც მთავრობა მიიჩნევს, რომ IMF-ის დახმარება სასარგებლო იქნება. ამის შესახებ კაკაურიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, ფონდის ტექნიკური მისია მაისის ბოლოს ეწვევა საქართველოს, თუმცა ამ მისიის მიზანს ქვეყნის ეკონომიკის შეფასება წარმოადგენს და ახალი პროგრამის შეთანხმებაზე საუბარი ახლა არ იქნება.
ცნობისთვის, IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.
2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.
კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.




























