"თიბისი ჯგუფის" მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია უზბეკეთის საინვესტიციო მიმზიდველობის ფაქტორებს შორის მაღალ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას ასახელებს.
მან საკითხზე “საქმიან დილას” რუბრიკაში “ბიზნესი 360 გრადუსით” ისაუბრა და ცალკე ფაქტორად გამოყო ქვეყნის მზაობა და გახსნილობა ბიზნესების მიმართ და ასევე მოცემულობა, რომელიც შესაძლებლობების ერთგვარ ფანჯარას ქმნის.
"ძალიან ბევრი ფაქტორია, რატომ არის უზბეკეთი საინვესტიციო კუთხით მიმზიდველი, მაგრამ გამოვყოფ რამდენიმეს. რა აქვს უზბეკეთს ისეთი, რაც სხვა ქვეყნებს არა აქვთ? ერთი - ეს არის მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის მაღალი პროგნოზი. ჩვენ თუ ვნახავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სხვა შეფასებებს, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში ყველაზე მაღალი პროგნოზი აქვს უზბეკეთს, ეს არის მნიშვნელოვანი. მეორე, ბიზნესის კუთხით დამეთანხმებით, რომ მარტო მაღალი ზრდა არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის მდგრადობაც. მაგალითად, ყაზახეთის ეკონომიკა საინტერესოა, მაგრამ ნავთობის ფასზეა დამოკიდებული, ჩვენთან მაღალი ზრდაა, მაგრამ არის კითხვები, რომ შეიძლება უკრაინის ომით ნანატრი სცენარი დამთავრდეს და ამან გარკვეული გადინებები გამოიწვიოს და ა.შ.
ჩვენ გვახსოვს საბერძნეთის შემთხვევა, რომელსაც ძალიან მაღალი ზრდა ჰქონდა და შემდეგ უკვე ეს ძალიან მძიმედ დამთავრდა. ამ გაგებით, უზბეკეთი არის უნიკალური. ჩვენ თუ შევხედავთ მონაცემებს - გვახსოვს 2014-16 წლის კრიზისი რეგიონში, მათ შორის საქართველოსაც შეეხო, უზბეკეთს ეს პრაქტიკულად არ შეხებია. ასევე კოვიდის კრიზისი, სადაც უზბეკეთმა შეინარჩუნა დადებითი ეკონომიკური ზრდა. ამ სტაბილურობას განაპირობებს ის, რომ უზბეკეთს ერთი მხრივ აქვს ოქრო, მეორე მხრივ აქვს სხვა სასაქონლო პროდუქტები ექსპორტში. როგორც წესი, როცა ცუდი დროა და რისკები იზრდება, ოქროს ფასი იზრდება და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასები მცირდება და პირიქით, ანუ ერთ-ერთი მსოფლიოში ყველაზე უფრო დაბალანსებული ეკონომიკის და ექსპორტის სტრუქტურა აქვს.
ასევე, ჩემი შეფასებით, ბიზნესისთვის უზბეკეთი უფრო გახსნილია. სახელმწიფო სექტორი იქნება თუ ის ხალხი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ღია არიან, რომ დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს. ეს არის არა მარტო საბანკო სექტორი, არამედ სხვა სექტორებიც.
კონკრეტულად რომ ვისაუბროთ ინდიკატორებით - ერთ-ერთი შეფასება ქვეყნის რისკიანობის არის რისკ-პრემია, ანუ რა პროცენტში ივაჭრება მთავრობის ფასიანი ქაღალდები. დღეს პროცენტები მკვეთრად შემცირებულია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებზე. ინვესტორების აზრით, მაგალითად საქართველოს რომ შევადაროთ, უზბეკეთი არის ბევრად ნაკლებად რისკიანი ქვეყანა, ეს ნამდვილად ყველა ინდიკატორში ჩანს. მთლიანად არაა ასახული, მაგრამ [პროცენტის შემცირება] ეტაპობრივად ვრცელდება კერძო სექტორზე, დეპოზიტების განაკვეთზე და ზოგადად კაპიტალის ღირებულებაზე. ნელა რომ ვრცელდება, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა. ჯერჯერობით, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრის მონაწილეები, დაკვირვების რეჟიმში არიან.
კურსზე ვიტყვი, რომ ჩვენ ვფიქრობთ, [უზბეკური სუმის] გამყარების ის ტენდენცია ან მინიმუმ სტაბილურობის ტენდენცია, რაც ბოლო ერთი წელია გამოიკვეთა, ეს დროებითი არ არის",- ამბობს ოთარ ნადარაია.
კითხვაზე, რა პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ეს ე.წ. შესაძლებლობების ფანჯარა, ოთარ ნადარაია ასე პასუხობს: "მე არ ვარ ბიზნესიდან, მაგრამ ვიჩქარებდი ალბათ ერთი-ორი წელი, იმიტომ რომ ძალიან დიდია ინტერესი".




























