"ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ბიზნესისა და პოლიტიკის გამიჯვნის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განმარტებით, მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი სწორედ იმ პროცესების პრევენციაა, როდესაც პოლიტიკაში ბიზნესის ჩართვა შეფარვით, „ბიზნესსაქმიანობის“ საფარქვეშ ხდება.
მათიკაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმდებლობა ათწლეულებია კრძალავს პროცესებში უხეშ ჩარევას და ამ მიმართულებით მკაცრი რეგულაციები არსებობს.
„ბიზნესი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს აუცილებლად ერთმანეთისგან. პოლიტიკა არის პოლიტიკა და ბიზნესი არის ბიზნესი. არ შეიძლება ბიზნესის სახელით პოლიტიკაში შემოჭრა უკანონოდ – სწორედ ამაზეა საუბარი. საკანონმდებლო დანაწესები ადგენენ მოცემულობას, სადაც პოლიტიკაში ბიზნესის ჩართვა შეფარვით, თითქოს ეს ბიზნესსაქმიანობას ეხება, სინამდვილეში კი პოლიტიკასთან მიმართებით არსებული საქმიანობაა, აკრძალულია,“ - განაცხადა დეპუტატმა.
მან ასევე უპასუხა bm.ge-ს კითხვას პარლამენტში მყოფ იმ ბიზნესმენებთან დაკავშირებით, რომლებიც დღემდე ფლობენ წილებს სხვადასხვა კომპანიებში. მათიკაშვილის თქმით, ეს სრულიად განსხვავებული მოცემულობაა და კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
„ის, რომ ბიზნესში დაკავებული, საზოგადოების მიერ არჩეული ცნობილი ადამიანები არიან პოლიტიკაში, არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი შევიდა პოლიტიკაში. ჩვენ პოლიტიკოსებს ვერ წავართმევთ უფლებას, ფლობდნენ წილებს მართვის უფლების სხვისთვის გადაცემის პირობით. ეს კონსტიტუციაში და შესაბამის კანონებში წერია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, საკითხის დეტალური განხილვა მეორე მოსმენის ფარგლებში გაგრძელდება, სადაც მოხდება იმ ადმინისტრაციული თუ სხვა სახის სანქციების დაზუსტება, რაც უკანონო პოლიტიკურ აქტივობაში ჩართული სუბიექტების მიმართ იქნება გამოყენებული.
შეგახსენებთ, დღეს "გრანტის კანონის" პირველი საკომიტეტო განხილვისას გახდა ცნობილი, რომ მეწარმე იურიდიული პირების პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებში, შესაძლოა, დამატებითი გამკაცრება შევიდეს.
გორდულაძის განცხადებით, მისი შეთავაზებაა, რომ მეწარმე იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება პირველ ჯერზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს.




























