საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2023 წლის მესამე კვარტალში 1 855₾-მდე გაიზარდა, თუმცა საშემოსავლო გადასახადების შემდეგ რეალური საშუალო ანაზღაურება 1 484 ლარია. ბიზნესების ნაწილი მიიჩნევს, რომ დასაქმებულს ღირსეულ ანაზღაურებას უხდის, თუმცა ბიზნეს კლიმატის კვლევა აჩვენებს, რომ კომპანიების კადრების შენარჩუნება უჭირთ.
ღირსეული ხელფასისა და კადრების შენარჩუნების გამოწვევაზე BMGDrive-ის ეთერში ზურაბ ლალაზაშვილი - აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი საუბრობს და აღნიშნავს, რომ კვალიფიციური კადრების შენარჩუნების პრობლემა ქართველ სპეციალისტებზე უცხოური ბაზრების მხრიდან მაღალი მოთხოვნაა.
“ბიზნესისა და დასაქმებულის გადმოსახედიდან ღირსეული ხელფასის შეფასება სხვადასხვაა, ხელფასი არასდროსაა საკმარისი, როგორც ასეთი. თუმცა რეალობა ისაა, რომ ბევრ სპეციალობაზე მუშაობა დისტანციურად გახდა შესაძლებელი. მაგალითად, მაღალანაზღაურებად IT სპეციალისტებს თუ სხვადასხვა მომსახურების გამწევ პირებს, ქირაობს ევროპისა და ამერიკის წამყვანი კომპანიები. ჩვენი კადრები საერთაშორისო ბაზარზე გახდნენ მოთხოვნადი, როგორც კვალიფიციური კადრები. ამ შემთხვევაში ქართულ ბიზნესს უცხოელი დამსაქმებლებისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.
შესაბამისად, იმაზე არ არის, აქვს თუ არა ბიზნესს სურვილი, გადაიხადოს მაღალი ანაზღაურება, ამ შემთხვევაში ეს შეუძლებელია, რადგან შრომით პერსონალზე ამხელა დანახარჯს ქართული ბაზარი ვერ აიტანს. ეს არის მოცემულობა, რომელიც უნდა მივიღოთ, ამას ვერ შეცვლით და ვერ ევროკავშირში შესვლა უშველის, ვინაიდან ყოველთვის ექნება ქართველ სპეციალისტს საშუალება, იმუშაოს უცხოურ კომპანიაში და ყოველთვის იარსებებენ საქართველოზე უფრო მდიდარი ქვეყნები, მინიმუმ უახლოესი 100 წლის პერსპექტივაში”, - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.
საქსტატისვე ინფორმაციით, სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურებები სწორედ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორშია, სადაც ხელფასი 4,073 ლარს შეადგენდა, რაც ხელზე 3,258 ლარის ანაზღაურებაა. ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კი სოფლის მეურნეობაშია და ის 1,241 ლარს შეადგენდა, რაც ხელზე 992 ლარს შეადგენდა.