მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნებისმიერი ქვეყნისთვის ამოსავალი წერტილი მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა იყოს - ლალაზაშვილი კანდიდატის სტატუსზე

ზურაბ ლალაზაშვილი

ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა. ბლოკის წევრი ქვეყნის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღეს.

რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი - ამ საკითხზე BMGDrive-ის ეთერში ზურაბ ლალაზაშვილი, აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ისაუბრა. მისი თქმით, კანდიდატობა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორებისთვის უფრო საინტერესოს გახდის.

“მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ დღეს კანდიდატის სტატუსის ქონა იმას არ ნიშნავს, რომ ხვალიდან ეკონომიკური სასწაული მოხდება. ეს არის სიგნალი ინვესტორისთვის, რომ საქართველოს პირველად გაუჩნდა რეალური პერსპექტივა, გახდეს ევროკავშირის წევრი. რაც თავის მხრივ, განაპირობებს იმას, რომ სხვა ტიპის ინტერესი გაჩნდება ქვეყნის მიმართ. ჩვენ თუ გავხსნით მოლაპარაკებებს, ეს ნამდვილად მოგვიტანს ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ფინანსურ რესურსზე, რაც ნამდვილად გვჭირდება რეფორმების ჩასატარებლად, სხვადასხვა ინსტიტუტების შესაქმნელად თუ შესაცვლელად. ეს არ არის კერძო ინვესტიცია, ეს ალბათ უფრო მხარდაჭერის ფორმატში მიღებული ფინანსური დახმარება იქნება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია”, - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი მხოლოდ გამოხატულებაა იმ სიკეთეებისა, რისი მიღებაც ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვისაა შესაძლებელი.

“საბოლოოდ, ნებისმიერი ქვეყნის ამოსავალი წერტილი მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა იყოს, რომ გვქონდეს ხელმისაწვდომობა ნორმალურ ჯანდაცვაზე, განათლებაზე, საკუთრების და პიროვნული უფლებები დაცული იყოს. მნიშვნელოვანია, ხალხს ღირსეული სიბერე ჰქონდეს, მეტად მდიდარი გახდეს ქვეყანა, შეიქმნას მეტი ინსტიტუტები, ანგარიშვალდებულება გაიზარდოს საზოგადოების მიმართ, სწორედ ესაა ის, რისთვისაც გვიხარია კანდიდატის სტატუსი”, - ამბობს BDO-ს მმართველი პარტნიორი.

კიდევ ერთი ეკონომიკური უპირატესობა, რასაც კანდიდატის სტატუსი და, შემდეგ, ბლოკის წევრობა საქართველოს მოუტანს, ლალაზაშვილის თქმით, მიგრაციის პროცესის შემობრუნებაა.

“საქართველოდან ხალხი მიდის. მათ შორის ისინიც, ვისაც საქართველოში ჰქონდათ სამსახური და ანაზღაურება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, რაც მომისმენია, ისაა, რომ პერსპექტივის განცდა არ ჰქონდათ საქართველოში - ვფიქრობ, ესეც პოზიტიურისკენ შეიცვლება.

რაღაც პერიოდის შემდეგ საქართველოში, როცა უფრო სტაბილური გარემო გვექნება და ადამიანი უფრო დაცულად იგრძნობს თავს, ექნება ღირსეული სამსახურის პერსპექტივა, ემიგრანტები უკან დაბრუნდებიან. არა 100%-ისა, თუმცა დიდი ნაწილი. შესაძლოა, ისეთი ხალხი ჩამოვიდეს, ვინც წარმატებულია სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც დამატებით სარგებელს მოუტანენ საქართველოს”, - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები