2024 წლის ნოემბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელთა ფარგლებში, თეთრი სახლის ოთხწლიანი მანდატისთვის, სავარაუდოდ, ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის ნაწილი გარკვეულ პრობლემებს პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს არსებულ კანდიდატებს შორის ხედავს: ჯო ბაიდენს, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტია, სწორედ ასაკს და მასთან დაკავშირებულ მენტალურ მდგომარეობას უწუნებენ, როცა დონალდ ტრამპს მისი მმართველობის დროს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზებას და სიძულვილის ენის გაძლიერებას ახსენებენ.
ცნობილ და გავლენიან ამერიკელებს შორის ისეთებიც არიან, ვისაც დონალდ ტრამპის შესაძლო მეორედ გაპრეზიდენტება აშინებთ. ასე ფიქრობს მსოფლიოს უდიდესი ბანკის, ამერიკული JPMorgan Chase-ის გენერალური დირექტორი, ჯეიმი დაიმონი. როგორც ბანკირმა Bloomberg-თან განაცხადა, დღეს, მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებს - ჭეშმარიტად ამერიკული მმართველობა სჭირდება.
“ჩვენ ჭეშმარიტად ამერიკული მმართველობა გვჭირდება. ადამიანებს უნდა ავუხსნათ, თუ რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი მთელი პლანეტისთვის. ამერიკა უპირველესყოვლისაო, ამბობენ - ჩვენს ქვეყანას მეორე რიგში არც ერთი პრეზიდენტი არ დააყენებს, მაგრამ აუცილებლად უნდა განვმარტოთ, თუ რატომაა უკრაინის საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რატომაა ამერიკის უსაფრთხოება დამოკიდებული გლობალურ უსაფრთხოებაზე. ისიც უნდა ავხსნათ, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენს უსაფრთხოებას ეყრდნობიან და თუ ეს ასე არ მოხდა, ისინი იძილებულები იქნებიან, სხვას დაეყრდნონ. ამიტომაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ბობ გეიტსი მის წიგნში ძალაუფლების სიმფონიაზე წერს, რაც ყველა ის რბილი ძალაა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ - არა ჯარი, რომელსაც ზედმეტად ვიყენებთ, არამედ დიპლომატია, განვითარების დაფინანსება, განათლება, კომუნიკაცია, ვაჭრობა და ინვესტიციები. ვფიქრობ, ამ მხრივ უკეთ უნდა გავისარჯოთ”, - განაცხადა ჯეიმი დაიმონმა.
ამავე ინტერვიუში, მსოფლიოს უდიდესი ბანკის ხელმძღვანელმა ჩინეთზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დიდი რისკია. “გეოპოლიტიკაზე თუ ვსაუბრობთ, ის დიდი რისკია. წარმოიდგინეთ ჯაჭვი: უკრაინა, ნავთობის და გაზი, საკვები, მიგრაცია და საგარეო ურთიერთობები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩინეთია. პლანეტის მომავლისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და უკრაინა, ცხადია, ამაზე გავლენას ახდენს. მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება, ჩინეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ძალიან რთული იქნება. ომის შედეგი, იმედი მაქვს, ისეთი იქნება, რომ უკრაინელები იტყვიან, გავიმარჯვეთო”, - აღნიშნა ჯეიმი დაიმონმა Bloomberg-თან.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული JPMorgan Chase-ი მსოფლიოს უდიდესი ბანკია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $570 მილიარდს აღემატება, ანუ ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ჩამონათვალში ამერიკული ბანკი მე-14 ადგილს იკავებს.