პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის უმსხვილეს ბანკს, JPMorgan Chase-ს სასამართლოში უჩივის. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის სარჩელს უახლოესი ორ კვირაში შეიტანს, მიზეზად კი ის საბანკო მომსახურებაზე უარის თქმას ასახელებს.
ტრამპის მტკიცებით, ბანკმა მასთან თანამშრომლობა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, არასწორად და შეუსაბამოდ შეწყვიტა, რაც პოლიტიკური დისკრიმინაცია იყო და არღვევდა აშშ-ის საბანკო კანონმდებლობას.
საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში უარყო Wall Street Journal-ის ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მან ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ჯეიმი დაიმონს ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის პოსტი შესთავაზა. ტრამპმა ამ ცნობას სიცრუე უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ის დაიმონთან თანამშრომლობას არ გეგმავს და მის ბანკს სასამართლოში უჩივლებს.
თავის მხრივ, JPMorgan Chase-ის წარმომადგენლები ტრამპის ბრალდებებს უარყოფენ. ბანკში აცხადებენ, რომ ისინი 80 მილიონზე მეტ ამერიკელს ემსახურებიან და მათი პრინციპია, არავის შეუზღუდონ წვდომა ფინანსებზე სოციალური ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.




























