ბელგიის მთავრობა ოფიციალურად ბლოკავს ევროკავშირის ამჟამინდელ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს გაყინული რუსული აქტივების და მათგან გენერირებული შემოსავლის გამოყენებას უკრაინის რეკონსტრუქციისა და სამხედრო ხარჯების დასაფინანსებლად.
ბელგია, სადაც Euroclear-ია ბაზირებული, გამოხატავს შეშფოთებას, რომ აქტივების კონფისკაცია ან მათი ამონაგების უნებართვოდ გამოყენება შეიძლება საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგებოდეს. არსებობს რისკი იმისა, რომ რუსეთმა მოიგოს ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა, რაც ევროკავშირისთვის მრავალმილიარდიან ზარალს გამოიწვევს.
ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, ზარალის უდიდესი ნაწილი დაეკისრება Euroclear-ს და, შესაბამისად, ბელგიის მთავრობას, რადგან გაყინული რუსული აქტივები სწორედ იქ არის რეგისტრირებული. მთავრობა მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ კოლექტიურად და თანაბრად გაიზიაროს ეს ფინანსური რისკი და სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში, ჯარიმა ყველა წევრმა ქვეყანამ გადაიხადოს და არც მხოლოდ ბელგიამ.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ეთანხმება ბელგიის პრეტენზიას და ამბობს, რომ მიუღებელია, ერთმა ქვეყანამ იტვირთოს ზედმეტი პასუხისმგებლობა შესაძლო სამართლებრივი დავის შემთხვევაში. ის მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ თანაბრად გაიზიაროს რისკი ეკონომიკის ზომის პროპორციულად და კანონპროექტი ამ ფორმით იქნეს დამტკიცებული.




























