შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს BMG-იმ ჰკითხა, რატომ ჩხრეკენ შსს-ს წარმომადგენლები ენგურის ხიდზე გალში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც ზუგდიდიდან გალის რაიონში სურსათი ან ავეჯი გადააქვთ. ვახტანგ გომელაურმა თავიდან ფაქტი უარყო, შემდეგ კი თქვა, რომ არ არის გამორიცხული, მოქალაქეებს ნარკოტიკული საშუალებები ან იარაღი გადაჰქონდეთ.
"მეც გავივე ეს პრობლემა, ამაზე საუბარი იყო. მუშაობენ, რა სახის რეგულაციები არსებობს, რისი გადატანა შეიძლება და რისი არა. როგორც ვიცი, საბურავებზეა პრობლემა. ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა მუშაობენ, საბურავების გადატანის რეგულაციებზე.
-საუბარი საბურავებზე არ არის. პრობლემაა ისეთი პროდუქციის გადატანა, როგორებიცაა: ყველი, პომიდორი, ავეჯი და ა.შ.
მეც გავიგე, გამიგია ეს პრობლემები. ხომ შეიძლება ნარკოტიკები გადაჰქონდეთ. თბილისში ვჩხრეკთ და იქ რომ გავჩხრიკოთ, არ შეიძლება? შეიძლება იარაღი გადააქვთ. აეროპორტში რომ შედიხარ, არ გჩხრეკენ? იყო შემთხვევა, როდესაც ურანი გადმოიტანეს, ეზიუმი გადმოიტანეს. არ გავჩხრიკოთ?", - აცხადებს გომელაური.
როგორც ცნობილია, გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ ენგურის ხიდზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აჩერებენ, პროდუქციას უჩხრეკენ და ზოგიერთ შემთხვევაში, მისი გადატანის საშუალებას არ აძლევენ. ამასთან, მათი თქმით, არის შეურაცხმყოფელი მიდგომები,რასაც ვახტანგ გომელაური უარყოფს.
"გამორიცხულია, მაქსიმალურად ვეფერებით ყველას", - განაცხადა გომელაურმა.