ინდონეზიის ანტიმონოპოლიურმა სააგენტომ გლობალური ვიდეოპლატფორმა TikTok-ი 15 მილიარდი რუპიით, ანუ 900,000 დოლარით დააჯარიმა. სახელმწიფო ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დადასტურდა, რომ TikTok-მა კომპანია Tokopedia-ს წილების შესყიდვის შესახებ მონაცემები ანტიმონოპოლიურ სააგენტოს დროულად არ წარუდგინა. ცნობისთვის, TikTok-მა ინდონეზიაში ბაზირებული უმსხვილესი ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმის 75%-იანი წილი 2024 წლის იანვარში შეიძინა.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში წერია, რომ მსგავსი მასშტაბის გარიგებების შეთანხმებისას, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სრული და ამომწურავი ინფორმაცია დროულად მიიღოს, რათა კონკურენციის შესახებ კანონი არ დაირღვეს და ეს ბაზარზე უარყოფითად არ აისახოს. გადაწყვეტილებას TikTok-ის ადგილობრივი ოფისიც გამოეხმაურა, სადაც განაცხადეს, რომ ანტიმონოპოლიური სააგენტოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი სამართლიანია, შესაბამისად, კომპანია ჯარიმას დაუყოვნებლივ გადაიხდის.
ცნობისთვის, TikTok-ის მიერ ინდოეთის წამყვანი ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმის 75%-იანი წილის შეძენამ ადგილობრივ ბაზარზე მონოპოლიის ჩამოყალიბების საფრთხე შექმნა. რისკების შესამცირებლად კი სახელმწიფო რეგულატორმა დამატებითი მოთხოვნებიც წარადგინა. მათ აღსრულებას კი ანტიმონოპოლიური ორგანო 2027 წლის 17 ივნისამდე დააკვირდება. საუბარია გადახდის მეთოდების მრავალფეროვნებისა და ლოგისტიკური სისტემის უცვლელად შენარჩუნებაზე. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნის გათვალისწინების გარეშე, კომპანია ფასებს ხელოვნურად გაზრდის და მომხმარებლების ინტერესებს დააზიანებს.




























