მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დადგა დღის წესრიგში "თეთრი სიის" გაუქმება, როდესაც ის ბიზნესისთვის ბენეფიტი იყო? - ნათია ხვედელიძის განმარტება

სს

„თეთრი სიით“ არაერთმა კომპანიამ ბოროტად ისარგებლა, რითაც სახელმწიფომ იზარალა. თუ სია სრულად გაუქმდება, დანარჩენი კომპანიებიც ვიზარალებთ, - ამის შესახებ “დიკა 2010”-ის დამფუძნებელმა ნათია ხვედელიძემ Bm.ge-სთან განაცხადა, რომელიც დღეს შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელ კომპანიებს შეხვდნენ.

ნათია ხვედელიძის განმარტებით, თეთრი სია სახელმწიფოს მხრიდან კომპანიებისთვის ბენეფიტი იყო, რითაც სახელმწიფო მათ გარკვეული თავისუფალი ფინანსური აქტივების შეძენაში ეხმარებოდა, ამიტომ სახელმწიფოსთან საუბარი იყო, რომ „თეთრი სია“ მხოლოდ ნაწილობრივ გაუქმდეს.

„თეთრ სიაში მყოფ კომპანიებს შეეძლოთ, 50% ავანსის ღირებულების მიეტანათ და მეორე 50% იყო არაუზრუნველყოფილი. კომპანიებმა, რომლებმაც ამ სიით ბოროტად ისარგებლეს და საკონტრაქტო პირობები დაარღვიეს, სახელმწიფოს ამ კომპანიებთან არაუზრუნველყოფილი თანხების მოთხოვნის უფლება დაუდგა, მაგრამ უკან ვერანაირი თანხა ვერ წამოიღო. ცხადია, ამით სახელმწიფომ იზარალა და თუ თეთრი სია სრულად გაუქმდება დანარჩენი კომპანიებიც ვიზარალებთ, რომლებიც ამ მოცემულობას კეთილსინდისიერად ვემსახურებით.

აქტიური დისკუსია მიდის სახელმწიფოსთან, რა ფორმით უნდა მოხდეს "თეთრი სიის" გაუქმება, ანუ სრულად გაუქმდება, ნაწილობრივ თუ მხოლოდ საავანსო პირობების ნაწილში. ეს არის სამუშაო პროცესი რაზეც ვიმედოვნებთ, რომ თავად ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეგვეხმიანება და სამუშაო ჯგუფთან ერთად, რომელიც დაბალანსებული იქნება, როგორც მშენებლებისგან ისე ინფრასტრუქტურის სამინისტროდან განვიხილავთ ამ საკითხებს“, - განაცხადა მან.

ნათია ხვედელიძემ ასევე განმარტა, იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ საავანსო ნაწილი გაუქმდა, რა ბენეფიტი რჩება "თეთრ სიას" ბიზნესისთვის:

„დავსვი კითხვა, რომ თუ საავანსო ნაწილში გაუქმდებოდა, დარჩენილიყო ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნაწილში. „თეთრი სიით“, არა მხოლოდ საავანსო გარანტიები მიდის 50%, არამედ როდესაც ხელშეკრულების უზრუნველყოფა ტენდერში 5%-ია მოცემული, კომპანიებს 2,5% მიგვაქვს, 10%-ის შემთხვევაში კი 5% მიგვაქვს. თუ "თეთრი სია" ასეთი პირობებით დატოვეს, ვფიქრობ ბევრ კომპანიას ექნება საშუალება ოპერირება გაუწიოს უფრო მეტ ხელშეკრულებას, ვიდრე მისი საერთოდ გაუქმების შემთხვევაში“, - განაცხადა მან.

თეთრი სია წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებაზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გამოიცა და ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდან. დოკუმენტში საუბარია, თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.

"თეთრი სიის" ერთიანად გაუქმება სექტორში ლიკვიდურობის მნიშვნელოვან კრიზისს შექმნის - ირაკლი გიორგობიანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები