ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Intel-ის აქციების ფასი 13%-ით დაეცა. მსგავსი ვარდნა ბირჟაზე მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც თავად კომპანიის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ვერ მოახერხებს სხვადასხვა კომპანიის მიერ მონაცემთა ცენტრებისთვის შეკვეთილი პროცესორების დათქმულ პერიოდში ჩაბარებას და არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ განცხადების პარალელურად, Intel-მა პირველი კვარტალისთვის ნავარაუდები შემოსავლების პროგნოზი იმაზე მეტად შეამცირა, ვიდრე ბაზარზე მოელოდნენ. სწორედ ამ ორმა მიზეზმა განაპირობა ტექ-გიგანტის შეფასების მკვეთრი ვარდნა.
როგორც Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლიპ-ბუ ტანმა განაცხადა, Intel-ი AI სექტორთან დაკავშირებული მონაცემთა ცენტრების ამ მასშტაბით გაფართოებას დროის ამ მონაკვეთისთვის არ ვარაუდობდა, შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისად მომზადება ვერ მოახერხა. “ჩვენი ყველა საწარმო რთული დატვირთვით მუშაობს, რათა დამკვეთებს პროცესორები მივაწოდოთ, თუმცა ეს საკმარისი ვერ იქნება” - განაცხადა Intel-ის ხელმძღვანელმა. ლიპ-ბუ ტანმა მედიასთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ არსებული ვითარებით ძალიან იმედგაცრუებულია და წუხს, რომ Intel-ის შესაბამისად მომზადება ვერ მოასწრო. შეგახსენებთ, კომპანიის ხელმძღვანელად ის მარტის თვეში დაინიშნა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა შტატების ხელისუფლების მიერ ტექ-გიგანტის 10%-იანი წილის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, Intel-ი მრავალი წლის განმავლობაში ყურადღებას CPU-ების, ანუ ცენტრალური პროცესორების წარმოებაზე ამახვილებდა. GPU-ების (გრაფიკული პროცესორების) ბაზარზე კი Nvidia ლიდერობდა. მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიური კომპანიები მიხვდნენ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის სწორედ Nvidia-ს გრაფიკული პროცესორების გამოყენება იყო შესაძლებელი, მასთან კონკურენციაში შესვლა Intel-მაც სცადა, თუმცა ბაზარზე ლიდერის პოზიციას კვლავ ჯენსენ ჰუანგის $4-ტრილიონიანი კომპანია იკავებს. Intel-ის უპირატესობა არის ის, რომ ის არამარტო AI პროცესორებსა და CPU-ებს აწარმოებს, არამედ ქმნის საკუთარ ნახევარგამტარებსაც, რითაც კონკურენციაში ტაივანურ გიგანტ TSMC-სთან შედის, თუმცა კომპანია ამ უპირატესობის სრულყოფილად გამოყენებას ვერ ახერხებს, რადგან მისი პროდუქცია Nvidia-სა და TSMC-ს პარტნიორობით შექმნილ AI პროცესორებთან შედარებით არასაკმარისად ძლიერია.



























