მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ დაიწყო მოკვლევა სამშენებლო ზედამხედველობის 11 კომპანიის მიმართ? - ირაკლი ლექვინაძის განმარტება

ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ 11 კომპანია, რომელთა მიმართაც მოკვლევა დაიწყო, ახორციელებენ ზედამხედველობას სამშენებლო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა ჩაბარების დროს საჭიროა ამ კომპანიების მხრიდან დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ სატენდერო პირობების შესაბამისად შესრულდა სამუშაოები. მან ამის შესახებ განმარტება ჟურნალისტებთან გააკეთა. ლექვინაძის განცხადებით, მოკვლევის მთავარი მიზანია გაირკვეს, აქვს თუ არა ამ 11 კომპანიას შორის შესაძლო გარიგებებს ადგილი.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის დაწყების საფუძველი საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართვა გახდა.

როგორც ლექვინაძე განმარტავს, მოკვლევის დაწყების საფუძველი უკავშირდება ძირითადად რეგიონალური თვითმმართველი ერთეულების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს. კერძოდ, დაახლოებით 260-მდე ტენდერის მონიტორინგმა აჩვენა, რომ არის რიგი ტენდერები, სადაც მონაწილეობს მხოლოდ 1 ან 2 კომპანია. დიდი სიხშირით იგებს ერთი კომპანია, ძირითადად სატენდერო ფასით, რაც ლექვინაძის თქმით, მიუთითებს ტენდერებში კონკურენციის ნაკლებობაზე. სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, სწორედ ეს გარემოებები დაედო საფუძვლად ეჭვს, ხომ არ არის ამ კომპანიებს შორის შესაძლო გარიგებები, რომ მაგალითად გადადანაწილებული აქვთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ტენდერები და ამით ახდენენ მოგების მაქსიმიზაციას.

"სააგენტომ დაიწყო მოკვლევა სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ზედამხედველი კომპანიების მიმართ, რომელიც სხვადასხვა რეგიონებში მონაწილეობენ ტენდერებში და ახორციელებენ სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის პროცესს. მოკვლევის დაწყების საფუძველი გახდა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ რეგიონული განვითარების სამინისტროდან და ასევე სხვადასხვა რეგიონული თვითმმართველი ერთეულებიდან. პერიოდი, რომელიც გავაანალიზეთ არის 2020-2025 წლები, დაახლოებით 255-მდე ტენდერი, სადაც იკვეთება რიგ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობა, ხშირ შემთხვევაში ერთი ან ორი კომპანიის ასევე, არის შემთხვევები, როდესაც სატენდერო ფასი და კომპანიების მიერ მოგებული ფასი, ხშირ შემთხვევაში, იდენტურია. რამაც შექმნა გონივრული ეჭვი იმის შესახებ, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული მიმართულებები იმას, რომ ამ კომპანიებს შორის არის გარკვეული გარიგებები, რომ გადაინაწილონ ტენდერები სხვადასხვა რეგიონებში და ამით მოახდინონ საკუთარი მოგების მაქსიმიზაცია.

ჩვენ დაწყებული გვაქვს მოკვლევა ამ მიმართულებით. საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლი, რომელიც გულისხმობს შესაძლო გარიგებებს ამ მიმართულებით და მოკვლევამ უნდა აჩვენოს არის თუ არა მსგავსი შემთხვევები და 11 კომპანიიდან, ვინც იქნება შესაძლო გარიგების მონაწილე, ბუნებრივია, მოკვლევის დასრულების შემდეგ, ამისთვის გათვალისწინებულია სანქცია, რომელიც გულისხმობს დამრღვევი კომპანიის მიმართ წინა წლის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე თანხის დაკისრებას. მოკვლევის შედეგები, როდესაც ის დასრულდება, ბუნებრივია იქნება საჯარო და ამის შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ. მოკვლევის პირველადი ვადა განსაზღვრულია 6 თვემდე ვადით. ვფიქრობთ, აღნიშნული ვადა ალბათ იქნება საკმარისი, რომ პირველადი სურათი ჩამოვაყალიბოთ, თუმცა ზოგადად, ეს შეიძლება კიდევ ასევე გაგრძელდეს 1 წლამდე და წელიწადნახევრამდე პერიოდი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოცულობითი სამუშაო იქნება განსახორციელებელი. ჩვენ წინასწარი გარკვეული მოსამზადებელი მოკვლევა ამასთან დაკავშირებით განხორციელებული გვაქვს. კომპანიებს ვაცნობეთ აღნიშნული მოკვლევის დაწყების შესახებ და მოკვლევის რიგი პროცედურების შემდეგ, ასევე გვექნება კომუნიკაცია აღნიშნულ კომპანიებთან, რათა მივიღოთ მათგან განმარტებები, თუ რას უკავშირდება ის საკითხები და ის თემები, რომელიც გახდა მოკვლევის დაწყების საფუძველი.

მოკვლევის შედეგები ყველა კითხვას გასცემს აუცილებლად პასუხს, იყო თუ არა რეგიონების მიხედვით განაწილებული ბაზარი, როგორ ურთიერთქმედებდნენ კომპანიები ერთმანეთთან. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მხოლოდ გონივრული ეჭვი, წინასწარ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, დანარჩენს აჩვენებს მოკვლევის პროცესი",- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

კითხვაზე, კონკურენციის ნაკლებობა შესაძლოა თუ არა აისახებოდეს ამ კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მათი კვლევის საგანი არაა, რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულა ამ თუ იმ ზედამხედველმა კომპანიამ საკუთარი სამუშაო, თუმცა თუ კვლევის პროცესში მსგავსი რამ გამოიკვეთება, არის შესაბამისი უწყებები, ვისაც შეიძლება მიმართონ თემით დაინტერესების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები