მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაიწყო უორენ ბაფეტმა ტექნოლოგიურ გიგანტებში მილიარდების დაბანდება?

უორენ ბაფეტი
სტატიაში საუბარია:

ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინვესტორი, უორენ ბაფეტი ცნობილი იყო თავისი მკაცრი პრინციპით - არ განეხორციელებინა ინვესტიციები ტექნოლოგიურ სექტორში, რადგან, მისივე თქმით, ეს სფერო კარგად არ ესმოდა. თუმცა, Berkshire Hathaway-ის ბოლო პერიოდის მსხვილი შესყიდვები საინვესტიციო ფილოსოფიის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციაზე მიუთითებს.

დღეისათვის კონგლომერატის პორტფელში უმსხვილესი პოზიცია Apple-ს უკავია, რომელიც ბაფეტმა თავის დროზე "სამომხმარებლო პროდუქტების კომპანიად" დაახასიათა, რათა საკუთარი პრინციპისათვის ფორმალურად არ გადაეხვია.

თუმცა, 2025-2026 წლებში Alphabet-ში (Google) განხორციელებული 31 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიციის შემდეგ, რომელსაც თავად ბაფეტი უკვე პირდაპირ "ხელოვნური ინტელექტის (AI) კომპანიას" უწოდებს, აშკარა გახდა, რომ მიდგომები შეიცვალა.

CNBC-სთან ინტერვიუში ბაფეტმა დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რამ განაპირობა მისი ხედვების ევოლუცია და როგორ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე.

საუბრისას მან გაიხსენა თავისი ბიზნესპარტნიორის, ჩარლი მანგერის გავლენა, რომელიც წლების განმავლობაში შეახსენებდა, რომ კომპანია მხოლოდ იმიტომ არ არის კარგი, რომ "მიმზიდველ და პოპულარულ" საქმეს აკეთებს.

"ჩარლი სულ იმას მიმეორებდა, რომ ბიზნესი მხოლოდ იმიტომ არ არის კარგი, რომ რაღაც მიმზიდველ საქმეს აკეთებს. თუ ბიზნესი რეალურ ფულს არ გამოიმუშავებს ან უახლოეს მომავალში არ არის ამის მოლოდინი, ის კარგი ვერ იქნება. კიდევ უკეთესია, თუ კომპანიას ამ ფულის ბიზნესშივე ეფექტურად რეინვესტირება შეუძლია", - აღნიშნა ბაფეტმა.

ბაფეტის განმარტებით, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა სათამაშო წესები შეცვალეს. თუ წარსულში ისინი "მცირე აქტივებით" ოპერირებდნენ და ამით იზიდავდნენ ბაზარს, დღეს ისინი იძულებულნი არიან, უზარმაზარი კაპიტალური ხარჯები გასწიონ კვლევებსა და ინფრასტრუქტურაზე.

ბაფეტმა ეს პროცესი ისტორიულ კონტექსტში განიხილა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტექნოლოგიური თამაში მისთვის კვლავ გაუგებარია, ის Google-ის უპირატესობას ამ ახალ რეალობაში ხედავს: "მათი ისტორიიდან გამომდინარე, ვფიქრობ, წარმატების შანსი ბევრად მეტი აქვთ, ვიდრე იმ აქტივების 90-95%-ს, რაც უოლ სტრიტზე იყიდება".

მან პარალელი გაავლო 1950-იან წლებში IBM-ის ანტიმონოპოლიურ დავასთან და კომპანია Data Documents-ის წარმატებასთან, რითაც მიანიშნა, რომ საუკეთესო ბიზნესები ყოველთვის ხდებიან კონკურენტების მხრიდან თავდასხმის ობიექტები.

"სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია, რომელთანაც შეხება მქონია, ჯერ კიდევ 1958 წელს დაარსებული Data Documents იყო. ის იმიტომ დავაარსეთ, რომ ჩემმა მეგობრებმა გაზეთში წაიკითხეს – ანტიმონოპოლიური დავის გამო IBM-ს მოუწია თავისი საუკეთესო ბიზნესის სიმძლავრეების 50%-ის გაყიდვა. ყველამ იცოდა, რომ ეს მათი საუკეთესო მიმართულება იყო. მართალია, 10-15 წელიწადში ამ ბიზნესმა აქტუალობა დაკარგა, მაგრამ მთავარი სხვა რამაა: თუ შესანიშნავი ბიზნესი გაქვს, შენზე აუცილებლად განხორციელდება თავდასხმა. ამიტომ, კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, იყო თუ არა ბიზნესი კარგი გუშინ, არამედ იმაში, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ის ასეთად", - განაცხადა ბაფეტმა.

ლეგენდარული ინვესტორის ეს განცხადება ადასტურებს, რომ Berkshire Hathaway-ისთვის ტექნოლოგიური სექტორი აღარ არის "ტაბუდადებული" თემა, თუმცა მათში ინვესტირებისას ბაფეტი კვლავაც თავისი ტრადიციული, ფუნდამენტური კრიტერიუმით ხელმძღვანელობს - გრძელვადიანი მდგრადობითა და მაღალი რეალური მოგებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები