სადაზღვევო კომპანია "არდის" გენერალური დირექტორი, მიხეილ ჯაფარიძე განმარტავს, რატომ იზრდება ავტოდაზღვევის ტარიფები. როგორც ის BMGDrive-ის ეთერში აღნიშნავს, გაძვირების ტენდენცია 2023 წლიდან შეინიშნება და მიზეზი გაძვირებული ავტოსერვისებია.
"2024 წელი გაგრძელება იყო 2023 წლის ტენდენციისა, როდესაც ავტონაწილებსა და ავტოსერვისებზე ფასები იზრდება და სადაზღვევო კომპანიებს ავტომატურად უფრო ძვირი გვიჯდება თითოეული ზარალის მომსახურება... წელს უფრო სტაბილური იქნება ფასების მატება, ვიდრე წინა წლებში იყო.
კოვიდის შემდეგ განსაკუთრებით შეიცვალა ვითარება, როდესაც ინფლაციური პროცესები დაიწყო, ჯერ სამედიცინო დაზღვევაზე აისახა და 2021-22 წლებში უცებ გაძვირდა. ავტოდაზღვევის შემთხვევაში იგივე ტენდენცია ცოტა მოგვიანებით დაიწყო და სხვა ქვეყნებშიც ასეა, მხოლოდ საქართველო არ არის გამონაკლისი. აშშ-ში გამოქვეყნდა ინფლაციის პროგნოზი და იქაც ავტოდაზღვევა ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს", - ამბობს ჯაფარიძე.
"არდის" გენდირექტორი გაზრდილ ტარიფებსა და ავტოდაზღვევაზე მოთხოვნას შორის კორელაციასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ მოთხოვნა წლიდან წლამდე მხოლოდ მცირედით იზრდება.
"დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა უმნიშვნელოდაა გაზრდილი. 1.8 მილიონი რეგისტრირებული ავტომობილებიდან მხოლოდ 135 ათასია დაზღვეული, ანუ 8% - აქ შედის კორპორაციული დაზღვევაც, ბანკის დაკრედიტების სავალდებულო დაზღვევაც, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ავტომობილების ტენდერებით უზრუნველყოფილ დაზღვევაც... ნებაყოფლობით დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა ძალიან დაბალია. შესაბამისად, დაზღვევა გაძვირდა რადგან, თუ ერთი ზიანის მომსახურება ადრე პირობითად X ღირდა, ახლა თითქმის 2X გვიჯდება", - განმარტავს მიხეილ ჯაფარიძე.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ჯანმრთელობის დაზღვევა წლიურად 13%-ით, ხოლო ავტოდაზღვევა 25%-ითაა გაძვირებული.