2 ივლისს, სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი “Electric Networks of Armenia”-ს, ქვეყნის უდიდესი ელექტროსადგურის ნაციონალიზაციას. აღსანიშნავია, რომ ობიექტი ეკუთვნის ამჟამად დაპატიმრებულ მილიარდერს, სამველ კარაპეტიანს და მის Tashir Group-ს.
თავად კარაპეტიანი გასულ თვეში დააკავეს. ადგილობრივი ოპოზიციის შეფასებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურად არის მოტივირებული და დაკავშირებულია მილიარდერის მხრიდან მმართველი ძალის კრიტიკასთან.
როგორც ცნობილია, გასულ თვეში პაშინიანმა ღია ბრძოლა გამოუცხადა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ზოგიერთ იერარქს და მათ თანამდებოების დატოვება მოსთხოვა. მაშინ კარაპეტიანმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა სასულიერო პირებს და დაგმო პრემიერ-მინისტრის განცხადებები.
პირველი მოსმენით მიღებული გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობას მისცემს საშუალებას, გადაიბარონ ENA-ს მენეჯმენტი და ელექტროსადგური მომდევნო სამი თვის ვადაში გაყიდონ. აღსანიშნავია, რომ კანონის აღსრულებას სჭირდება დამოუკიდებელი უწყების, საჯარო სერვისების რეგულირების კომისიის თანხმობა. კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ორგანო ვერანაირად ვერ იქნება მიუკერძოებელი, რადგან მას პაშინიანის პარტიის ყოფილი წევრი ხელმძღვანელობს. მათი შეფასებით, კანონ-პროექტი კარაპეტიანის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი და პოლიტიკური ზეწოლის შემდეგი ნაბიჯია და მიზნად შესაძლო კონკურენტის განეტირალებას ისახავს. თავად მილიარდერი ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ თუ მისი ელექტროსადგური გაიყიდება, ამას მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
არსებულ პოლიტიკური დაძაბულობის ფონს კიდევ უფრო ამძაფრებს სომხეთის საპოლიციო უწყებების მიერ გადადგმული ნაბიჯები. მათ ერევანში მდებარე Tashir Group-ის სათავო ოფისში 6-საათიანი რეიდი მოაწყვეს და კომპანიიდან წაიღეს ყოველგვარი კომპიუტერული მოწყობილობა. ოფიციალური ორგანოების განცხადებით, ეს განხორციელებული რეიდი დაკავშირებულია მიმდინარე გამოძიებასთან, რომელიც კარაპეტიანის მიერ ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ დაკავების მიუხედავად, მილიარდერის წინააღმდეგ საქმის წარმოება ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა.
ადგილობრივი ოპოზიციისა და ანალიტიკოსების შეფასებით, სომხეთის ხელისუფლების მიერ კერძო ბიზნესის საქმიანობაში ამ მასშტაბით ჩარევა არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი. მათი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები აფრთხობს უცხოელ ინვესტორებს და უქმნის საფრთხეს ქვეყნის იმიჯს.




























