მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ეცემა ჩინეთში iPhone-ებზე მოთხოვნა?

iphone

სმარტფონების გლობალურ ბაზარზე Apple-ს დომინანტური პოზიცია უჭირავს და საერთო გაყიდვების მაჩვენებლით მე-2 ადგილს იკავებს, კორეული Samsung-ის გვერდით.

თუკი დასავლეთის მასშტაბით Apple-ის გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება, რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვხვდება ჩინეთის ბაზარზე, სადაც iPhone-ებზე მოთხოვნა მკვეთრად ეცემა.

მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, Apple-მა ჩინეთის ტოპ 5 გაყიდვად ბრენდს შორისაც კი ვერ შეძლო პოზიციის შენარჩუნება და ის ამჟამად მე-6 ადგილამდეა ჩამოქვეითებული, საბაზრო წილის ვარდნის მაჩვენებელი კი 3.1 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ამჟამად Apple-ზე ჩინეთის ბაზრის 10% მოდის, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის განახევრებული მაჩვენებელია.

ჩინეთის ბაზარზე Apple-ის დაღმასვლის ფონზე, მკვეთრად იზრდება ადგილობრივი ბრენდების გაყიდვების მაჩვენებლები. ამჟამად ქვეყნის ბაზრის 18.5%-იან წილს Vivo აკონტროლებს, რომელსაც 18.1%-იანი წილით Huawei მოჰყვება. ხუთეულში ასევე ვხედავთ: Oppo-ს, Honor-სა და Xiaomi-ს.

საინტერესოა, რომ Apple-თან ერთად, ჩინეთის ბაზარზე პოზიციებს კარგავს Samsung-იც, რომელიც გლობალურ ბაზარზე პირველ ადგილს იკავებს.

ამ გარემოებას ის ფაქტორი განაპირობებს, რომ ჩინეთის მთავრობას უცხოურ პროდუქციაზე საიმპორტო ტარიფები აქვს დაწესებული, ანუ თითქმის ანალოგიური შესაძლებლობის მქონე სმარტფონის შეძენა ჩინელ მომხმარებელს ადგილობრივი მწარმოებლისგან გაცილებით იაფად შეუძლია, ვიდრე უცხოური კომპანიისგან.

გარდა ამისა, ჩინელი მომხმარებლები უპირატესობას ადგილობრივ წყობილებაზე მორგებულ საოპერაციო სისტემებს (OS) ანიჭებენ. თუკი დასავლეთში არჩევანი Android-სა და iOS-ს შორის დგას, ჩინეთში ვითარება განსხვავებულია და იქ ორივე ზემოხსენებული სისტემა შეზღუდულად მუშაობს, ამიტომ ჩინეთის მოსახლეობას Xiaomi-ს მიერ შექმნილი HyperOS-ითა თუ Huawei HarmonyOS-ით ურჩევნია სარგებლობა.

კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც ჩინურ ბრენდებს აქვთ, ეროვნული წარმოების ნარატივს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ყველაზე დიდ ეკონომიკურ სარგებელს საერთაშორისო ვაჭრობით იღებს, ქვეყნის მთავრობა აქტიურად ნერგავს პროტექციონისტულ პოლიტიკას, რათა ეროვნული წარმოება უცხოური კონკურენციისგან დაიცვას და მოსახლეობას შთააგონოს, რომ ჩინური უკეთესია.

მართალია, ჩინეთის ბაზარი ნებისმიერი მსხვილი კომპანიისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ბაზარზე თავის დამკვიდრება უცხოური კომპანიებისათვის სულ უფრო მეტად რთული ხდება, მათ შორის პლანეტის უმსხვილესი კომპანიისათვის, რომელსაც არც სტატუსი აკლია და არც რესურსები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები